ახალი ამბები

სადამკვირვებლო მისიის ახალი განცხადება დემონსტრაციებსა და საარჩევნო პროცესებზე

9 ნოემბერი, 2020 • 1015
სადამკვირვებლო მისიის ახალი განცხადება დემონსტრაციებსა და საარჩევნო პროცესებზე

ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა ჯებრეა ჰოჯა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა მოუწოდებენ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ძირითად თავისუფლებებს.

„იმის ფონზე, ვიმეორებ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და, ზოგადად, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს“, — ეუთოს პრეს-ცენტრის თანახმად, ასეთია ჰოჯას განცხადება.

„მივესალმები ადამიანების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, მაგრამ ძალადობრივი ქმედებების მოთმენა არ შეიძლება. გამოვდივარ პროტესტის მშვიდობიანად ჩატარების მოწოდებით. ამავე დროს, ამის ფონზე, ხაზს ვუსვამთ, პოლიცია ვალდებულია, თავშეკავება გამოიჩინოს დემონსტრანტების [მიმართ] რეაგირებისას, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, -აცხადებს იგი.

მისი განცხადებითვე, ყველა მონაწილეს მოუწოდებს, „ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რათა დაძლიონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური ჩარჩოსათვის; ამასთან, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ გახმიანებულ შეტყობინებებს”, – თქვა პია კაუმამ. „მსურს, გამოვხატო ჩემი მხარდჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინკლუზიური პროცესის ჩატარების მიმართ, რათა აღმოიფხვრას სავარაუდო საარჩევნო დარღვევები”, – დასძინა მან.

გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ კი განაცხადა: „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობის ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მაქსიმალურად შეიკავებს თავს და გამოავლენს პასუხისმგებლობას და ერთგულებას საერთო საქმის მიმართ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიზნით“.

9 ნოემბერს ეუთოს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც PACE-ს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო/ოდირის საერთო ძალისხმევის შედეგია, — დაასკვნა, რომ არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო მართული, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, თუმცა მმართველი პარტიის დომინირებამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითად იმოქმედა კომისიის მიუკერძოებლებისა და დამოუკიებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით- ქვედა დონეებზე.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები ჰქონდა მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

ვრცლად დემონსტრაციაზე:

8 ნოემბრის აქციზე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი