ახალი ამბები

იქნება თუ არა კანონიერი 22.00 საათის შემდეგ მომიტინგეების დააჯარიმება

9 ნოემბერი, 2020 • 2009
იქნება თუ არა კანონიერი  22.00 საათის შემდეგ მომიტინგეების დააჯარიმება

დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა გადადგილების შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ქუჩაში გასვლა 22:00-დან 05:00 საათამდე იკრძალება. ამის მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს, “სირცხვილიას” აქტივისტები კი ამბობენ, რომ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან და 22 საათის შემდეგაც დარჩებიან პარლამენტთან.

თუ პოლიცია 22 საათის შემდეგ აქციაზე მყოფ მომიტინგეებს დააჯარიმებს, იქნება თუ არა ეს კანონიერი? “ნეტგაზეთი” ამ საკითხის გასარკვევად იურისტებს გაესაუბრა.

“ღია საზოგადოება – საქართველოს” იურისტი გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, ხელისუფლებას მოქალაქეების დაჯარიმების ფორმალური სამართლებრივი საფუძველი აქვს.  საუბარია მაისში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე,  რომლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. თავად ჩიტიძემ ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დღემდე არ განუხილავთ. შესაბამისად, მისი აზრით, ვიდრე საკონტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, მანამდე დაჯარიმების ფორმალური საფუძვლები არსებობს. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი 22.00 საათის შემდეგ მოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად გადაადგილდებიან.

“ყველა შეზღუდვას, მათ შორის, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვის ჩათვლით, კანონის ენაზე ჰქვია „საკარანტინო ღონისძიებები”.  რა ხდება, თუკი საკარანტინო ღონისძიებებს ვარღვევთ? ანუ, ჯანმრთელი ადამიანები ვდგავართ პარლამენტის წინ 22:01 საათზე? მოდის პოლიციელი, გვიწერს 2000- ლარიან ჯარიმას. მერე რა ხდება? მერე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ანუ პოლიციელს, შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად”, – ამბობს ჩიტიძე, რომელიც აბსურდულს უწოდებს ამ სამართლებრივ მოცემულობას. 

განსხვავებულად ფიქრობს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი გურო იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. ის  აცხადებს, რომ ნორმები, რომლითაც ამ შეზღუდვის ფარგლებში ხელისუფლება ხელმძღვანელობს, პრობლემურია, რადგანაც მიიჩნევს, რომ მსგავსი ინტენსიური შეზღუდვები მთავრობის დადგენილების სახით არ უნდა წესდებოდეს:

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ეს შეზღუდვები, რაც დღეს ამოქმედდა, მათი მიღების ფორმალურ-სამართლებრივი მექანიზმები არის უკიდურესად პრობლემური იმიტომ, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვების საფუძველი უნდა იყოს პირდაპირ კანონი და აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის დადგენილებით არ უნდა აწესებდეს ასეთ ინტენსიურ შეზღუდვებს.

ეს არის ცალსახად პრობლემური. მით უმეტეს, რა შეზღუდვებიც დაწესდა, შინაარსობრივად პირდაპირ იმეორებს კომენდანტის საათის შინაარსს და ამისთვის ჩვენი კანომდებლობის ლოგიკა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რათა ასეთი ინტენსივობის შეზღუდვები დაწესდეს”, – ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნული რეგულაციების დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონია, რომელშიც შეკრებისა და მანისფესტაციის უფლების აკრძალვაზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, იურისტის თქმით, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების ამ მოტივით დაჯარიმებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება:

“პირდაპირ საუბარი არაა შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, თუმცა ირიბად თითქოს ახდენს გავლენას შეკრების თავისუფლებაზე, თუკი, მაგალითად, 22 საათის შემდეგ მიმდინარეობს შეკრება. ამ მიმართულებითაც ცალსახად პრობლემურია ამ შეზღუდვის გავრცელება შეკრების თავისუფლებაზე, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში, რომლის საფუძველზეც მიიღო მთავრობამ ეს დადგენილება და დააწესა შეზღუდვები, საერთოდ არ არის საუბარი პოლიტიკური მიზნით შეკრების შეზღუდვაზე.

იქ საუბარია სოციალური ღონისძიებების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფლებამოსილებებზე, მაგრამ პოლიტიკური შეკრებების შეზღუდვაზე იმ კანონში არაფერია საუბარი.   ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონიც არ გამოდგება იმის ფორმალურ-სამართლებრვ საფუძვლად, რომ დღეს შეზღუდვები დაწესდეს შეკრების უფლებასთან დაკავშირებით”, – ამბობს გურო იმნაძე.

მსგავსი პოზიცია აქვს მეორე იურისტ ლევან ალაფიშვილსაც. მისი თქმით, ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესში, რომლის ფარგლებშიც მთავრობას მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მიენიჭა, გაცხადებული იყო, რომ ის არ გავრცელდებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე.

იურისტი აღნიშნავს, რომ  შეკრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში ამოქმედებული არ არის:

“ეს საფრთხილო საკითხია ხელისუფლების მხრიდან. ამ ზაფხულს, როდესაც წლის ბოლომდე მთავრობას მიეცა შეზღუდვების დაწესების საშუალება, იმ ცვლილებების განხილვისას, მსჯელობის დროსაც კი საუბარი იყო, რომ ეს არ შეეხებოდა კონსტიტუციით დაცულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება. შესაბამისად, რთულია განვჭვრიტოთ, ცალკეულმა პოლიციელმა რამდენად იცის ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება და ზღვარი გადაადგილების თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას შორის.

თუმცა კარგი იქნება, თუკი საზოგადოებას მიეწოდება სწორი ინფორმაცია, შევახსენებთ ყველას ერთხელ, რომ კანონპროექტის გნახილვის დროსაც ხაზი გაესვა, რომ შეკრების თავისუფლებას მთავრობა ვერ შეეხება იმიტომ, რომ კონსტიტუცია მშვიდობიან დროს ამას არ ცნობს და ამის საშუალებას არავის აძლევს. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შეუძლია ხელისუფლებას შეზღუდოს ეს უფლება, დღეს კი ჩვენ არასაგანგებო მდგომარეობაში ვცხოვრობთ.

გარდა ამისა, თუკი გარეთ იმყოფება ადამიანი კონკრეტული საჯარო მიზნის გამოსახატავად- იქნება ეს პროტესტი, მანიფესტაცია, სოლიდარობა, მარში-ეს ყველაფერი ხვდება კონსტიტუციით დაცულ იმ სფეროში, რომელსაც შეკრების უფლება ჰქვია და, შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ადამიანი, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის დროს იქნება გარეთ ყოველგვარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მიზნის გარეშე და როდესაც გვაქვს შემთხვევა, როცა ადამიანები გამოხატავენ პროტესტს. არ არის აუცილებელი იყოს პოლიტიკური პროტესტი, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო პროტესტიც”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი. 


მთავრობის დადგენილებით ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში — შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ 7 საათის განმავლობაში. შეზღუდვა დღის განმავლობაში 17 საათს არ იმოქმედებს.

აღნიშნული დადგენილება, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად“ მიიღო და ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.

ამ წესების ერთ-ერთი პუნქტით, რომელიც მთავრობამ წინასაარჩევნოდ, 9 სექტემბერს, დაამტკიცა, „იზოლაციისა და კარანტინის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე)“. 9 ნოემბრის დადაგენილებაში კი მთავრობამ ხაზგასმით მიუთითა, რომ აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ შვიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, ანუ, საღამოს 10 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაციის მიზნითაც აკრძალულია.

რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა, უცნობია. პარალელურად, მმართველი პარტია რამდენიმე ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, ოპოზიცია კი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა და მათ დასაკმაყოფილებლად აქციებს მართავს. შესაბამისად, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ ქალაქებში დაწესებულ შეზღუდვებს.

8 ნოემბერს თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, 19 პირი კი პოლიციამ დააკავა. აქცია დაიშალა და ის რუსთაველის გამზირზე დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც.

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი [IDFI] მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

IDFI-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ ის არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

ასეთი რამ მთავრობის დადგენილებაში გაწერილი არ არის.

დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ:

  • „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  • ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;
  • განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე“.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის. სამთავრობო ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ეს რეგულაცია „არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა“.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი დაჯარიმების საფრთხიდან გამომდინარე მოქალაქეებს არ მოუწოდებენ 22 საათის შემდეგაც დარჩნენ პარლამენტთან, თუმცა თვითონ თავის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი