ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა — ცესკო ოპოზიციის აქციაზე

9 ნოემბერი, 2020 • 687
საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა — ცესკო ოპოზიციის აქციაზე

ცესკო ეხმიანება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ეს  “საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა”.

ცესკო აცხადებს, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი.

“სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც, ცხადია, აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას”, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცესკოს განცხადებით, მეორე ტურისთვის მუშაობა გრძელდება და  ჩართულ მხარეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას.

“დაბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ დიალოგს, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში”, — ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი