ახალი ამბები

კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს — IDFI

9 ნოემბერი, 2020 • 1554
კომენდანტის საათის მანიფესტაციებზე გავრცელება უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს — IDFI

IDFI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას მიზანმიმართულად დააზიანებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის გავრცელება მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე უფრო მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 7 ნოემბერს განაცხადა. რეგულაცია ითვალისწინებს გადაადგილების შეზღუდვას 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. ის გავრცელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნის. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა,“ეს არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა”. მისივე თქმით, 2 000 ლარით დაჯარიმდება ფიზიკური პირი, რომელიც რეგულაციას დაარღვევს.

“აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე, გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება.  ეს არის კომენდანტის საათი – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება”, — აცხადებს ორგანიზაცია.

როგორც IDFI აღნიშნავს,  ვინაიდან დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, “ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება”.

“თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ ის არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით, ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარალელურად კი ქვეყანაში საპტორესტო აქციები იმართება. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეოერებითი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნებით აქციაც, დღეს, 6 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი