ახალი ამბები

თამარ ჟვანია, გახდა შენი სახელი მურუსიძესავით მეტაფორა — დოლიძე

9 ნოემბერი, 2020 • 1164
თამარ ჟვანია, გახდა შენი სახელი მურუსიძესავით მეტაფორა — დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ეხმაურება 8 ნოემბერს ცესკოსთან ოპოზიციის აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშლას. როგორც დოლიძე ამბობს, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელი მოსამართლე ლევან მურუსიძის მეტაფორად იქცა.

“თამარ ჟვანია, რად გიღირს ახლა ეს თანამდებობა? რამდენ ათასლარიან პრემია-დანამატად? რამდენ ნაცემ და გაციებულ ადამიანად? ყველგან კორდონებით, ჯებირებით და სპეცრაზმით უნდა იარო? თუ მხოლოდ ირაკლი კობახიძესთან და თეა წულუკიანთან უნდა იძმაკაცო? გახდა შენი სახელი მურუსიძესავით მეტაფორა…”, — წერს დოლიძე ფეისბუქზე.

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

ცესკოსთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი