“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძემ ოპოზიციის ლიდერებს მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები შეახსენა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავსირებითაა აღძრული:
“ცესკოზე მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსა მეთაურობს კრიმინალი ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი “ნაციონალურ მოძრაობის” ზონდერ ჯგუფებს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრის აგებს პასუხს.
ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინიტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
დღეს, 8 ნოემბერს პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქცია, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თამარ ჟვანიას გადადგომისა და ხელახალი არცევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარეობდა. უფლებამდცეველებმა პოლიციის მიერ ჭავლის გამოყენება უკვე შეაფასეს არაპროპორციულ ნაბიჯად.