ახალი ამბები

გაყალბებული არჩევნების დასაცავად გამოსული ხალხისთვის წყლის დაშენა ლუკაშენკოს გზაა — ბაქრაძე

8 ნოემბერი, 2020 • 1051
გაყალბებული არჩევნების დასაცავად გამოსული ხალხისთვის წყლის  დაშენა ლუკაშენკოს გზაა — ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ცესკოსთან შენობასთან შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მეთოდებს ადარებს და ამბობს, რომ ეს “ლუკაშენკოს გზაა”.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მშვიდობიანი და კანონიერი გზით დაასრულონ.

“გაყალებებული არჩევნების დასაცავად გამოსული ხალხისთვის წყლის და გაზის დაშენა, ეს არის ლუკაშენკოს გზა. ლუკაშენკოები ამთავრებენ ცუდად, ასე დაამთავრებს “ქართული ოცნებაც”, მაგრამ ჩვენი ამოცანაა არ გადავაყოლოთ ქვეყანა “ქართულ ოცნებას”, არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს და “ოცნებას” საქართველო ჩაითრიოს ქაოსში, ძალადობასა და დაპირისპირებაში. ამიტომ ჩვენი პროტესტები გაგრძელდება, მაგრამ იქნება ხაზგასმით მშივიდობიანი, კანონიერი. სწორედ მშვიდობიანი და კანონიერი გზით დასრულდება ეს ხელისუფლება”, — განაცხადა ბაქრაძემ “ფორმულასთან”.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი