ახალი ამბები

აშშ და EU 8 ნოემბრის აქციასა და საარჩევნო პროცესზე განცხადებას ავრცელებენ

7 ნოემბერი, 2020 • 731
აშშ და EU 8 ნოემბრის აქციასა და საარჩევნო პროცესზე განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. ისინი, ერთი მხრივ, პროტესტისას პანდემიის თანმდევი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, მეორე მხრივ კი – არჩევნებზე შესაძლო დარღვევების სამართლებრივ ჩარჩოებში განხილვის მნიშვნელობას.

“ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დიპლომატიური უწყებები მზადყოფნას გამოთქვამენ, ზემოხსენებული მიზნების მიღწევაში თავიანთი წვლილიც შეიტანონ.

“საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად”, – აღნიშნავენ დიპლომატები და დასძენენ, ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი