ახალი ამბები

დაავადებულთა რაოდენობა აწიეს, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ — კაპანაძე

6 ნოემბერი, 2020 • 1950
დაავადებულთა რაოდენობა აწიეს, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ — კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შესაძლო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება. როგორც კაპანაძე ამბობს, ინფიცირებულთა მომატებული რიცხვებით ხელისუფლება შეზღუდვების გამართლებას ცდილობს, რომლის ამოცანაც პროტესტის გამოსახატავად ხალხის გარეთ არგამოსვლაა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული.

„ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით და გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ გახარია და ქართული ოცნება აპირებდა, რომ კორონაპანდემია გამოეყენებინა იმ კუთხით, რომ შემდეგ შეეჩერებინა ხალხის გარეთ გამოსვლა და მოეხდინა ჩაკეტვა. არჩევნებამდე ისინი ისევ და ისევ რიცხვებით მანიპულირებდნენ, თითქოს დააგდეს დაავადებულთა რაოდენობა, ახლა აწიეს არჩევნების შემდეგ და, როგორც ჩანს, ამით აპირებენ, რომ გაამართლონ შეზღუდვები, რომლის მთავარი ამოცანა არის არა ჯანდაცვის და ეპიდემიის მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ.

ჩვენ ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ 8 ნომებერს გამოხატონ თავიანთი ბრაზი პარლამენტათან მოსვლით. ჩვენ ყველა ადამიანს, რომელიც იქ მოვა, დავურიგებთ პირბადეს და ხელის სანიტაიზერებს, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ზომა იყოს დაცული იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამწვავდეს და ასევე, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კორონას ზურგსუკან ამოფარება არ გამოუვათ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ საკითხს, ეს არის არჩევნებში გაყალბების შედეგად ისეთი გუნდისთვის მანდატის მიცემა, რომელსაც ეს მანდატი არ მოუპოვებია“, — განაცხადა კაპანაძემ.

8 ნოემბერს რუსთაველის გამზრიზე ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელიუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. ხელისუფლების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ოპოზიციას მოუწოდობენ, აქცია არსებული რეგულაციების დაცვით ჩაატარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი