ახალი ამბები

არეულობის შესაძლებლობას არ მივცემთ – კალაძე ოპოზიციაზე

5 ნოემბერი, 2020 • 1174
არეულობის შესაძლებლობას არ მივცემთ – კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება, ოქმებში დაშვებული უზუსტობები კი  მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იყო.

“სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას – მოითხოვდნენ თითქოსდა პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად მათი უფლებამოსილი პირები შიგნით ისხდნენ და გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ. აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია”, – განაცხად კალაძემ.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, უბნების გადათვლა კი ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება.

“არავის და, მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს”, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მიესალმებოდა ოპოზიციური პარტიების შესვლას პარლამენტში, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილმა მათ სწორედ ამ მიზნით დაუჭირა მხარი.

“კრიტიკულებიც შეუძლიათ იყვნენ, მაგრამ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა მათი შემოსვლა პარლამენტში”, – დასძინა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საჩივრების განხილვის პროცედურა საოლქო საარჩევნო კომისიებში წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების — „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ — წარმომადგენლები.

კალაძის მიერ დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს უფრო მეტად აკმაყოფილებენ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნაწილში, ხოლო არსებითად მნიშვნელოვანი მოთხოვნა — ხმების გადათვლა, შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა — ერთეული შემთხვევების გარდა არ კმაყოფილდება.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი