ახალი ამბები

მაჭავარიანი ლარის ბოლო გაუფასურების მიზეზად აქციებს ასახელებს

5 ნოემბერი, 2020 • 814
მაჭავარიანი ლარის ბოლო გაუფასურების მიზეზად აქციებს ასახელებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის აქციებს ასახელებს. მაჭავარიანის თქმით, ამ ეტაპზე კურსის ასეთი მერყეობის სხვა “ობიექტური ფაქტორი” არ არსებობს, შესაბამისად, ლარი უფასურდება მოლოდინების გამო, რასაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განაპირობებს.

“ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს და არ ასახულიყო. ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა ხელს უწყობს, როგორც ვხედავთ და ეს რთული მისახვედრი არ არის, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ”,-აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება ფუნდამეტურ ფაქტორებს, ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 0.7%-ით შემცირება ნიშნავს, რომ ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო. ამავე დროს, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ასეთი მაჩვენებელი მთავრობის ეფექუტრმა ხარჯვითმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელიც მოიცავდა როგორც სოციალურ დახმარებას მოქალაქეებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის გარკვეულ პროექტებს.

ბოლო ორ დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. 15:02 საათისთვის ერთი აშშ დოლარი Bloolmberg-ის სავაჭრო სისტემაში 3.39 ლარად ივაჭრება. ახალ დადგენილ ოფიციალურ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი საღამოს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი