ახალი ამბები

ისნის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე მოქალაქეები დავაკავეთ | შსს

5 ნოემბერი, 2020 • 930
ისნის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე მოქალაქეები დავაკავეთ | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე ორი ინციდენტი მოხდა. უწყების ცნობით, პირველი შემთხვევის დროს ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო მეორე შემთხვევის დროს დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება.

შსს-ს ცნობით, საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის  ორი მუხლით, მათ შორის: 166-ე მუხლით, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. დანაშაული 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ასევე, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 4000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან, მათ შორის, ბათუმში, წყალტუბოში, გლდანში, ვაკე-საბურთალოში, ისანში და ბოლნისში.

ვითარება დაძაბულია ყველა საარჩევნო კომისიასთან. საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავს, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოლქო კომისები უარს აცხადებენ მათი საჩივრების განხილვაზე. ისინი საჩივრების განხილვაზე დასწრებას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი