ახალი ამბები

საბურთალოს საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე სამი პირი დავაკავეთ | შსს

4 ნოემბერი, 2020 • 727
საბურთალოს საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე სამი პირი დავაკავეთ | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საარჩევნო კომისიის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის  ორი მუხლით, მათ შორის: 166-ე მუხლით, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. დანაშაული 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ასევე, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 4000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან, მათ შორის, ბათუმში, წყალტუბოში, გლდანში, ვაკე-საბურთალოში, ისანში და ბოლნისში.

ვითარება დაძაბულია ყველა საარჩევნო კომისიასთან. საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავს, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოლქო კომისები უარს აცხადებენ მათი საჩივრების განხილვაზე. ისინი საჩივრების განხილვაზე დასწრებას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

შეხლა-შემოხლის დროს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდით მდებარე შენობის ვიტრინა ჩაიმსხვრა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ბათუმის საოლქო კომისიასთან იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ დაშავებულთა შორის არის პოლიციელიც. მისი თქმით, საოლქო კომისიის შენობას პოლიცია ძალადობრივი შეჭრისგან იცავს.

საოლქო კომისიებთან საქართველოს მასშტაბით ოპოზიცია აქციებს მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი