ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს კობახიძის ნათქვამს II ტურისთვის მზადებაზე

4 ნოემბერი, 2020 • 830
„ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს კობახიძის ნათქვამს II ტურისთვის მზადებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უარყოფენ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტის მიუხედავად, „ჩუმად“ ემზადებიან მეორე ტურებში მონაწილეობის მისაღებად.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობისთვის ემზადება.

„ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს. კახეთიდან, ზუგდიდიდან და თბილისის ოლქებიდან გვაქვს ასეთი ინფორმაცია“, – განაცხადა დღეს კობახიძემ. კობახიძის თქმითვე, ოლქების უმეტესობაში ისინი „ფარულად მუშაობენ, აგიტატორებს ამატებენ და ა.შ“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს ინფორმაცია უარყვეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ არ აპირებენ მეორე ტურებში მონაწილეობას. მაგალითად, ნიკა მელიამ კობახიძის პასუხად „რუსთავი 2-თან“ საუბარში განაცხადა:

„ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოოპოზიციური პარტიების შტაბებსა და ოფისებში არის ხალხმრავლობა და მან ჩათვალა, რომ ეს არის მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. სინამდვილეში, ეს ნამდვილად არის მზადება, უბრალოდ კვირა დღისთვის. კვირა დღეს, 3 საათზე რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“.

ენმ-ის კიდევ ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ კობახიძის ნათქვამს „ბოდვა“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ ძალიან კონკრეტულად, ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, არც ისანში, არც სამგორში, არც გლდანში და, ზოგადად, ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში გასვლაზე და საპარლამენტო მანდატებზე“.


3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები“.

„პატრიოტთა ალიანსი“ ამ განცხადებას ხელს არ აწერს, თუმცა ამავე სულისკვეთებით საკუთარ განცხადებას ავრცელებს. პარტიები უარს ამბობენ მაჟორიტარული არჩევნების მეურე ტურში მონაწილეობაზეც.

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი