ახალი ამბები

კობახიძე: მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ პარლამენტში სხვა პარტიებიც შევლენ

3 ნოემბერი, 2020 •
კობახიძე: მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ პარლამენტში სხვა პარტიებიც შევლენ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დარწმუნებულია, პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ოპოზიციური პარტიებიც შევლენ. კობახიძის თქმითვე, მას აქვს ინფორმაცია, რომ ენმ მეორე ტურებში მონაწილეობისთვის ემზადება.

„რუსთავის 2-ზე“ „ღამის კურიერის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, იქნება თუ არა ეს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, კობახიძემ უპასუხა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ მოხდება და ამის მიზეზი მაქვს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია და ვისგან ელოდება პირველ ნაბიჯს, რომ შევა პარლამენტში, თქვა: „მე პირადად არ მქონია არავისთან კომუნიკაცია, თუმცა მაქვს კონკრეტული საფუძველი იმის სათქმელად, რომ მგონია, რომ სურათი იქნება სათანადო საქართველოს პარლამენტში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა აძლევს საფუძველს, ეს თქვას, კობახიძემ უპასუხა: „ამის დროც მოვა. უახლოეს დღეებში შეგვიძლია ამაზე კომენტარები გავაკეთოთ“.

მოგვიანებით კობახიძემ ასევე თქვა, რომ ოპოზიცია, კერძოდ კი ენმ, არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობისთვის ემზადება:

„დღესაც გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოლქების უმეტესობაში ისინი უკვე ფარულად მუშაობენ, აგიტატორებს ამატებენ, მაგალითად, და ა.შ. ისინი გეგმავენ მონაწილეობას [მეორე ტურში]… უმეტეს შემთხვევაში ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის უმეტესად მეორე ტურის კანდიდატები… მათ შორის თბილისში, კახეთში და სამეგრელოშიც მუშაობენ, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს… თბილისში, სადაც არიან წარმოდგენილი, იქ აქვთ დაწყებული აქტიურობა სამგორში, ისანსა და გლდანში… ზუსტად იგივეს აკეთებენ, რაც გააკეთეს 2016 წელს“, – თქვა კობახიძემ.

3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები“. „პატრიოტთა ალიანსი“ ამ განცხადებას ხელს არ აწერს, თუმცა ამავე სულისკვეთებით საკუთარ განცხადებას ავრცელებს. პარტიები ასევე უარს ამბობენ მაჟორიტარული არჩევნების მეურე ტურში მონაწილეობაზეც.

ვრცლად:

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი