თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.
ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროცესის დაწყებამე განაცხადა, რომ მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.
საქართველოს პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, ნიკა მელიასთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვდა.
აღნიშნულს წინ უსწრებდა ნიკა მელიას მიერ პირველი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მოიხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის გაკეთებული ელექტრონული სამაჯური.
“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.
მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა მას — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.