ახალი ამბები

ცესკომ შეძლო სამაგალითო არჩევნების ჩატარება – პრეზიდენტი

3 ნოემბერი, 2020 • 1488
ცესკომ შეძლო სამაგალითო არჩევნების ჩატარება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება იმისთვის, რომ მათ შეძლეს, პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად, ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველადი დადებითი შეფასებები.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე – საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია.


ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია კი აცხადებს, რომ „შეცდომები არ არის ახალი და პირველად არ ხდება არჩევნებზე. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა, ასევე, არის ხოლმე, როდესაც არასწორად ივსება ოქმი“.

„დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია და გასწორება. შესწორების ოქმების შეყვანაც და საჩივრები იქნება განხილული. ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელსაც სამართლებრივად დააფიქსირებს ნებისმიერი პოლიტიკოსი, იქნება ზუსტად ის შედეგი, რაც არის ყუთში“, – განაცხადა ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში 2 ნოემბერს.

ჟურნალისტის კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება თამარ ჟვანია გადადგეს, ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა: „თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ „პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი