ახალი ამბები

დამკვირვებელთა შევიწროება, შეურაცხყოფა და ცემა: არჩევნები 2020

3 ნოემბერი, 2020 • 870
დამკვირვებელთა შევიწროება, შეურაცხყოფა და ცემა: არჩევნები 2020

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ, დამკვირვებელთა მიმართ აგდებულ დამოკიდებულებაზე, შეურაცხყოფასა და შევიწროებაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, რიგ უბნებზე დაფიქსირდა დამკვირვებელთა უსაფუძვლოდ გაძევების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ცესკოს მიმართა, კომისიებში დამკვირვებელთა უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ არჩევნების დაკვირვების პროცესში ხელშეშლა ორგანიზაციისთვის უცხო პრაქტიკა არც იქამდე ყოფილა, თუმცა წლევანდელ არჩევნებზე მსგავსი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა.

“…ახლა[შემთხვევების] რაოდენობა არის მომატებული და უფრო მძიმე ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა. იყო აგრესიული დამოკიდებულება, შეურაცხყოფა… ფიზიკურ შეხებასაც ჰქონდა ადგილი. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იყო მცდელობა, დამკვირვებლები ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ყოფილიყვნენ”, – აღნიშნავს ის.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ორგანიზაციამ თავისი დამკვირვებლების მიმართ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფის ფაქტების სია გამოაქვეყნა. ISFED-ის ცნობით, თელავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე გადაღების უფლებას უზღუდავდა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა, “ძირითადად იმის გამო, რომ მან საჩივარი დაწერა”; ყვარელში დამკვირვებელს უცნობი პირები გარეთ გაყვანით და ცემით ემუქრებოდნენ, ისანში კი კიდევ ერთი დამკვირვებელი “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა შეურაცხყო და დაემუქრა მას. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს არაფერი გაუკეთებია ვითარების განსამუხტად.

სია სხვა არაერთ შემთხვევასაც მოიცავს. ელენე ნიჟარაძის ინფორმაციით, შეურაცხყოფის ფაქტები ვლინდება არჩევნების შემდეგ, საჩივრების განხილვის პროცესშიც, საოლქო კომისიებში.

“ყველა საოლქო კომისიაზე ამას ვერ ვიტყვით, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. შეურაცხყოფას აყენებენ დამკვირვებლებს და დისკომფორტს უქმნიან ამით”, – ამბობს ის.

დამკვირვებელთათვის ხელის შეშლასა და მათ მიმართ შეურაცხყოფაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, რუსთავის ერთ-ერთ უბანთან ხუთამდე პირმა ორგანიზაციის დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, რამდენიმე უბნიდან დამკვირვებლები “უსამართლოდ გამოაძევეს”, რამდენიმე უბანზე კი კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს.

მსგავს ფაქტებზე ლაპარაპკობს “საიაც”: ორგანიზაციის ინფორმაციით, “რიგ შემთხვევაში დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას, 2 დამკვირვებელს კი უბანი დაატოვებინეს”. მისივე ცნობით,  ერთ-ერთი დამკვირვებელი გაერთიანებული ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტიც გახდა.

ზემოხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაბამისი ცნობები სახალხო დამცველსაც მიაწოდეს. ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, “საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი