ახალი ამბები

თამარ ჟვანია დიპლომატებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა

3 ნოემბერი, 2020 • 871
თამარ ჟვანია დიპლომატებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს, 3 ნოემბერს, დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

შეხვედრას დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საპალრამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

შეხვედრის პარალელურად ცესკოს შენობასთან მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს, რომელთა განცხადებითად არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. აღნიშნულ აქციას ჟვანიამ “ინფორმაციის მიწოდების ხელშეშლის მცდელობა” უწოდა და მიწვეულ სტუმრებს “უხერხულობისთვის” ბოდიში მოუხადა.

თამარ ჟვანიას თქმით, შეხვედრის მიზანი მიწვეული სტუმრებისთვის ცესკოს სამუშაო პროცესის გაცნობა და იმ “დეზინფორმაციაზე” საუბარია, რომელიც ცესკოს ირგვლივ ვრცელდება.

“ჩვენ ვთხოვეთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქ ბრძანდებიან ბატონი ელჩები, ასევე, ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კოლეგებს, რომ დღეს ჩვენთვის მოგვეწყო მცირე საინფორმაციო შეხვედრა იმ ვითარებასთან და სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ხდება და მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამუშაო პროცესს და იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა კერძო პირებისა თუ ჩართული მხარეების მიერ. ჩვენ გვინდა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ და გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხი”, — განაცხადა ჟვანიამ შეხვედრის დაწყებისას.

ამავე შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ მასზე, ისევე როგორც  საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, ოქმების დისბალანსთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში  დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. როგორც ის ამბობს, ოქმებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად ვრცელდება.

ჟვანია ადასტურებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში გახმიანეებული მოთხოვნები, რომელიც კონკრეტული ოქმების შესწორებებსა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ეხება, სწორია.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ აცხადებს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, ქვეყანში 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში და ამ ტენდენციის მაქსიმალური გავლენა შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

ცესკოს პირველად მონაცემებს უნდობლობას უცხადეს ოპოზიცია და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა — ჟვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი