ახალი ამბები

ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა — ჟვანია

3 ნოემბერი, 2020 • 1074
ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა — ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მასზე, ისევე როგორც  საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან დღეს, 3 ნოემბერს, დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოქმების დისბალანსთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში  დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. როგორც ის ამბობს, ოქმებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად ვრცელდება.

ჟვანია ადასტურებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში გახმიანებული მოთხოვნები, რომელიც კონკრეტული ოქმების შესწორებებსა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ეხება, სწორია.

“სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე განუზომელი მასშტაბის შეტევაა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, მათ შორის მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლაც მესიჯებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე პირადად ჩემზე და ეს ზეწოლები იმისთვისაა, რომ საარჩევნო ადმინისტაციამ ფუნქციონირება ვეღარ შეძლოს და ვერ ჩაატაროს მეორე ტური. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი, რაც კანონმდებლობის ჩარჩოებშია, გაგრძელდეს ისე, როგორც ამას საკანონმდებლო ჩარჩო მოითხოვს: ჩვენ გავიაროთ ყველა შესწორების პროცედურა, ყველა სამართლებრივი და საფუძვლიანი საჩივარი, რომელზეც გვექნება რეაგირება, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა და მხოლოდ ამის შემდეგ დავადგინოთ პირველი, მაგრამ ოფიციალური შედეგები”, — აცხადებს ჟვანია.

მისი თქმით, ის, რაზეც დღეს პროტესტი მიმდინარეობს,  არაოფიციალური  წინასწარი მონაცემებია, რომელიც სხვადასხვა საფუძვლის, განხილვისა და შესწორების შემდგომ პროცესში სამართლებრივი გზით შეიცვლება და ცესკო საბოლოო მონაცემებს მეცხრამეტე დღეს ასახავს.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ აცხადებს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, ქვეყანში 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში და ამ ტენდენციის მაქსიმალური გავლენა შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.

ცესკოს პირველად მონაცემებს უნდობლობას უცხადეს ოპოზიცია და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი