ვენაში 2 ნოემბრის ღამით მომხდარი კოორდინირებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მინიმუმ ერთი თავდამსხმელი მოკლეს, მინიმუმ ერთმა კი გაქცევა მოახერხა. ავსტრიის კანცლერმა სებასტინ კურცმა მომხდარს “საშინელი ტერორისტული აქტი” უწოდა.
სროლა ავსტრიის დედაქალაქში, ექვს სხვადასხვა ადგილას, ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიწყო, როდესაც პანდემიის თანმდევი ახალი შეზღუდვების ამოქმედებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა. კაფეები და ბარები – როგორც დახურული, ისე ღია სივრცეები – გადატვირთული იყო. თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი მაგიდებთან მსხდომ მოქალაქეებს უმისამართოდ ესროდა.
თუმცა ცეცხლი თავდაპირველად გაიხსნა ქალაქის სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმების მოტივი ჯერ დადგენილი არ არის, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს, ეს ფაქტი აფიქრებინებს, რომ მომხდარი ანტისემიტურ მოტივებს უკავშირდება.
“ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია არავის, ვინც აქ ცხოვრობს. არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, მომისმენია მსგავსი თავდასხმების შესახებ ამ ქვეყნებში. მაგრამ [მსგავს შემთხვევასთან] ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ. ძალიან საშიში იყო”, – უთხრა მედიას 25 წლის თვითმხილველმა, რომელიც სინაგოგიდან 100 მეტრით დაშორებულ კაფეში იჯდა, როცა სროლა დაიწყო.
მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში 15 დაჭრილი მოქალაქე გადაიყვანეს, მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
3 ნოემბრის დილით პრესკონფერენცია გამართა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა, რომლის თანახმადაც, გაიცა ბრძანება, ქალაქის მნიშვნელოვანი წერტილები ჯარმა დაიცვას. ამასთან, მისი თქმით, ასობით პოლიციელია ჩართული გაქცეული თავდამსხმელის ძებნის ოპერაციაში.
ამავე პრესკონფერენციაზე ნეჰამერმა თქვა, რომ ტერაქტის უკან “ისლამისტი ტერორისტი” დგას, რომლის მიზანია “დაასუსტოს და გაყოს დემოკრატიული საზოგადოება”.
მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, დარჩნენ სახლებში და თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან.