ახალი ამბები

დოლიძეს ცესკოს საიტზე 2000-მდე ხმა მოაკლდა – რა ხდება დიდუბის ოლქში

2 ნოემბერი, 2020 • 1900
დოლიძეს ცესკოს საიტზე 2000-მდე ხმა მოაკლდა – რა ხდება დიდუბის ოლქში

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დიდუბის მე-6 საარჩევნო ოლქის საბოლოო მონაცემები კიდევ ერთხელ შეიცვალა. 2 ნოემბრის განახლებული მონაცემების მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებში ანა დოლიძემ ნაცვლად  მანამდე ასახული 14 438 ხმისა, მიიღო 12 381 ხმა. ასევე, გუშინდელისგან განსხვავებით, საბოლოო შედეგების ჩარტში მოხვდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები: დიმიტრი ლორთქიფანიძე – 1407 ხმით და გიორგი ქაჯაია 650 ხმით. ლორთქიფნიძესა და ქაჯაიას ჯამურად ხმების ზუსტად ის რაოდენობა დაუფიქსირდათ, რაც დოლიძეს მოაკლდა.

რა მოხდა

ამ დრომდე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩარტში არ იყო დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გიორგი ქაჯაიას მიერ მიღებული ხმების მონაცემები შეყვანილი, თუმცა ოქმები მოწმობდა, რომ აღნიშნულ კანდიდატებს ნამდვილად ჰქონდათ მე-6 საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბნებზე მიღებული ხმები, მათ შორის 1407 ხმა დიმიტრი ლორთქიფანიძესა და 650 ხმა გიორგი ქაჯაიას. საინტერესოა ის, რომ ქაჯაიასა და ლორთქიფანიძის ხმების ჯამი ემთხვეოდა ანა დოლიძის მიერ მიღებული ხმების მონაცემებს საბოლოო ჩარტში, თუმცა შემოსული ოქმების მიხედვით, მას მხოლოდ 12 381 ხმა ჰქონდა. ამ საკითხზე განცხადებები გუშინვე გააკეთეს დოლიძის კონკურენტის, ზურაბ ჯაფარიძის წარმომადგენლებმა.

ნეტგაზეთი მონაცემების შეცვალმდე დაუკავშირდა დამოუკიდებელ კანდიდატებს და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ არ იყო მათი ხმები შესული საბოლოო მონაცემებში.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ცესკოს ცხელ ხაზს, ასევე, სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიებს, მათ შორის ეუთოს ჯგუფს, რომ შეესწავლათ შემთხვევა.

“გუშინ საღამოს დავაფიქსირე ზარი ცხელ ხაზზე და მოვითხოვე, თუ რატომ არ ვიყავი დაფიქსირებული საბოლოო მონაცემებში. გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, ჩემი და ქაჯაიას ხმებით მანიპულირებდნენ, თუმცა რეაგირება არ მომხდარა და დღესაც იგივე მონაცემები იყო”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი თქმით, ეჭვს იწვევს ისიც, რომ დიდუბეში ხმების დათვლა გაჭიანურდა.

“ხან დოლიძე იგებდა, ხან ჯაფარიძე, ამასობაში კი ჩემი მონაცემები არ იყო გამოქვეყნებული. აშკარაა, რომ ჩემი ინტერესები დაირღვა.”

ლორთქიფანიძის განცხადებით, იგი უერთდება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. ასევე არ ცნობს არჩევნების შედეგებს. მისივე განცხადებით, კონკრეტულად მისი უფლებები დაირღვა გაშუქების კუთხითაც, საარჩევნო კამპანიის დროს არ მიეცა საშუალება, ტელევიზიაში გამოსვლით ესარგებლა.

მეორე დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი ქაჯაიაც აცხადებს, რომ საეჭვოდ ემთხვევა მისი და ლორთქიფანიძის ხმების ჯამი ანა დოლიძის საბოლოო შედეგსა და შემოსული ოქმებით მიღებული ხმების სხვაობას, თუმცა ამაში დოლიძეს არ ადანაშაულებს.

ქაჯაიას განცხადებით, მან მოიგო არაერთ უბანზე, თუმცა ხმები მოჰპარეს და, შესაბამისად, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

“უბნების დიდ ნაწილს ვიგებდი მე, თუმცა ამ უბნებზე გია ვოლსკის გამოჩენის მერე ჩამიწერეს, რომ ხმები არ მიმიღია, ამიტომ მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ არჩევნების შედეგებს, ასევე იმას, რომ ანა დოლიძემ ჩემზე მეტი ხმა აიღო. ამ პირობებში გაქრა ჩემი ხმები, მათ შორის, ჩემი პირადი ხმაც კი. ვუერთდები საერთო ოპოზიციურ მუხტს და ვაცხადებ, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური. ამასთან ერთად, მე არ ვამბობ, რომ ჩემი ხმები უშუალოდ დოლიძეს ან სხვას ჩაუყარეს, მაგრამ ფაქტია, რომ მე ხმები მომპარეს და ასევე არის ძალიან ბევრი საეჭვო დამთხვევა”, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთი დილით ცესკოსაც დაუკავშირდა საკითხში გარკვევის მიზნით, თუმცა გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით არ შეეძლოთ პასუხის გაცემა და აუცილებლად მოიკვლევდნენ.

ანა დოლიძემ დღეს, სამ საათზე, მანამ, სანამ ცესკო შეცვლიდა დიდუბის ოლქში საბოლოო შედეგების მონაცემებს, პროკურატურის შენობის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე თამარ ჟვანიას მიმართ, გადადგეს ცესკოს სრული შემადგენლობა და დაინიშნოს ახალი ხელახალი არჩევნები. დოლიძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა.


საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მონაცემების განახლების შემდეგ ანა დოლიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ცესკო არანაირ განმარტებას არ აკეთებს ხმების დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. დოლიძე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისმგელობის დაყენებასაც ითხოვს.

“ჟვანიამ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს, გაყალბების მიზანი, რა თქმა უნდა, არის ბატონი ვოლსკის გამარჯვება და ახალი ძალის დისკრედიტაცია”, – აცხადებს ანა დოლიძე.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ცესკოს მიერ მონაცემთა არაერთგზის ცვლილება არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

“მე ვარ ახალი ძალა, რომელიც გამოიკვეთა დიდუბე-ჩუღურეთში, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, რომ შენარჩუნდეს ორპოლუსიანობა” ,- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას დოლიძე.


გუშინ, პირველ ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ანა დოლიძე მეორე ტურში გადადიოდა და მესამე ადგილზე გასულ ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით სჯობნიდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია შეიცვალა და მეორე ტურში სწორედ ჯაფარიძე გავიდა, რომელსაც 14529 ხმა დაუგროვდა.

დიდუბის ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში პირველ ადგილზე ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკია, რომელმაც ხმათა 42.68% მოაგროვა. მეორე ტური სწორედ ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის უნდა გაიმართოს.

ცესკოს განახლებული მონაცემებით, II ტურში ჯაფარიძე გადავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი