ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
ყარაბაღში მიმდინარე ომის პირობებში, სომხეთში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები ძირითადად გაგებით ეკიდებიან იმას, რომ საავადმყოფოებში მათთვის ადგილი არ არის. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტების სიცოცხლე სასუნთქ აპარატზეა დამოკიდებული.
“ჩემი ოჯახის წევრი 65 წლისაა. კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ორმხრივი პნევნომია აქვს და მისი ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ექიმი ამბობს, რომ სასუნთქი აპარატია საჭირო. საავადმყოფოში ადგილები არ აქვთ და სახლში გვყავს. რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით ბიძა გარდამეცვალა. აღარ მინდა იგივე განმეორდეს”, – გვეუბნება პაციენტის ოჯახის წევრი.
სახლში მკურნალობის კურსს გადის 69 წლის ლუსია და მისი 81 წლის ქმარი ჰაიკაზი. პაციენტების შვილიშვილი გვეუბნება, რომ დისტანციურად, ექიმები პაციენტების მდგომარეობას, ასაკის მიუხედავად, კრიტიკულად არ აფასებენ, შესაბამისად, არც მათ კლინიკაში გადაყვანას ჩქარობენ.
“ბაბუას პნევმონიის ნიშნები აქვს, ბებიას დიაბეტი აქვს, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ყოველ დღე შეიძლება დამძიმდნენ. ამავე დროს, გვესმის, რომ ომია და ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია”, – ამბობს პაციენტების შვილიშვილი.
დღეს სომხეთში ჯანდაცვის სისტემა და ექიმები ორ ფრონტზე იბრძვიან – კორონავირუსით ინფიცირებულთა და ყარაბაღში დაჭრილ ჯარისკაცთა სიცოცხლისთვის.
სომხეთში ომამდელ პერიოდში [27 სექტემბრამდე] ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში საშუალოდ 200-დან 300-მდე მერყეობდა. თუმცა პირველი სექტემბრიდან ამ მაჩვენებელმა 500-ს მიაღწია და თანდათანობით ზრდა დაიწყო. ამჟამად დაინფიცირების საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი 2000-ზე მეტია.
ზოგადი სურათი საგანგაშოა, პირველ რიგში, სამედიცინო დახმარების კუთხით. საავადმყოფოებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რიგში კი არიან როგორც ომში დაჭრილები, ასევე კორონავირუსით ინფიცირებულები.
შემცირდა ექიმების რაოდენობაც, რადგან მათი ნაწილი მოხალისედ ფრონტის ხაზზეა წასული და ადგილზე უწევს დახმარებას დაჭრილებს.
უცნობია, რამდენი სამხედრო მკურნალობს ამჟამად სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში – ოფიციალური სტატისტიკა არ საჯაროვდება.
ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასაძლევად. ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ისინი მიიღებენ ჯანდაცვის სერვისს, ვისაც ჟანგბადი დასჭირდება.
[ამავე დროს, ქვეყანაში ომის პერიოდში ექიმთან გეგმური ვიზიტები და კვლევების ჩატარება შეზღუდულია].
მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებით, დაახლოებით 450 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალიზაციის მომლოდინეთა რიგშია. მისივე თქმით, თუ პანდემიის პირველ ეტაპზე კორონავირუსით მძიმე და უკიდურესად მძიმე პაციენტების რაოდენობა 600-მდე იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 800-ზე მეტია.
“პირველი ტალღის დროს სისტემის ყველა რესურსი კორონავირუსთან ბრძოლისკენ იყო მიმართული, დღეს კიდევ ერთი ფრონტი გვაქვს – ომი. ამიტომ სისტემის ნაწილი სწორედ ამ ფრონტზეა დღეს”, – აცხადებს მინისტრი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების ტემპები, პირველ რიგში, საზოგადოების გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული.
“გასაგებია, რომ ქვეყანაში ომია, ადამიანების ყურადღება მიპყრობილია ჯარისჯაცების, მათ შვილებისა და ახლობლების მიმართ, თუმცა არ უნდა უგულებელვყოთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ადამიანები არ იცავენ სოციალურ დისტანციას, არ იკეთებენ პირბადეებს და კიდევ უფრო ზრდიან ვირუსის გავრცელების რისკს ფრონტის ხაზზეც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საავადმყოფოები ვეღარ აუდიან ყველას მომსახურებას, ამიტომაც იზრდება სიკვდილიანობა”, – გვეუბნება ექიმი-ეპიდემიოლოგი ლუსინე პარონიანი.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, რომელი აბოვიანის განმარტებით, ვირუსის ზრდა ამ ეტაპზე თითქმის 113%-ს შეადგენს.
“ყველასთვის ნათელა, თუ რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება. სამხედრო მდგომარეობის გამო მოსახლეობის მთელი ყურადღება მიპყრობილია გარე მტერზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ კიდევ უხილავი მტერი გვყავს, რომელიც პირდაპირ ასუსტებს ჩვენი არმიის შესაძლებლობებს’, – აცხადებს აბოვიანი.
შესაძლებელია კი ყველა წესის დაცვა, როდესაც ე.წ. მხარდაჭერის ცენტრები მთელი დატვირთვით მუშაობს დღეს, სადაც ყოველდღე ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი დამხმარებას აგროვებს ჯარისკაცებისთვის, ან თუნდაც ახალგაზრდა ჯარისკაცების დასაფლავებაზე უამრავი მოქალაქე მიდის?!
სპეციალისტები ამ შემთხვევაშიც ურჩევენ მოსახლეობას – ატარონ პირბადე და სოციალური დისტანცია დაიცვან.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ზომებზე კონტროლი შემცირდა. მილიცია აღარ აჯარიმებდა ადამიანებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ წესებს არღვევდნენ – მაგალითად, დახურულ სივრცეებში პირბადეს არ იკეთებდნენ.
თავის მხრივ, პოლიცია კონტროლის შესუსტებას იმით ხსნის, რომ ომით გამოწვეული საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაითვალისწინეს და აღარ დევნიდნენ წესების დარღვევის გამო მოსახლეობას, რითაც ბევრმა ისარგებლა. შესაბამისად, 23 ოქტომბრიდან პოლიცია ისევ გადავიდა გაძლიერებულ კონტროლზე.
გარეკანის ფოტო: თავშესაფარი ომის დროს; ავტორი: ანარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი