ახალი ამბები

ამ ეტაპზე ოქმებში დისბალანსი უბნების 7%-ზე დავაფიქსირეთ – TI

1 ნოემბერი, 2020 • 763
ამ ეტაპზე ოქმებში დისბალანსი უბნების 7%-ზე დავაფიქსირეთ – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ამბობს, რომ მათი მოკლვევის თანახმად, ამ ეტაპზე დისბალანსი უბნების შემაჯამებელი ოქმების 7%-ში ფიქსირდება.

მანამდე დაახლოებით იმავე ციფრზე საუბრობდა ISFED-იც. დღეს ISFED-მა გამოაქვეყნა დასკვნა ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც,  უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცდილობს გადაამოწმოს ყველა შესაძლო პრეტენზია, რაც შემაჯამებელი ოქმების მისამართით გამოითქმის.

ამ ეტაპზე, ჩვენი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მოწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რასაც ყველა პროცედურის სწორად ჩატარების დროს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევათა 1/3-ში მნიშვნელოვანი დისბალანსია“, – ამბობს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ  არჩევნების წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, როდესაც რამდენიმე პროცენტმაც კი შესაძლოა გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლეობის შექმნა/არშექმნის საკითხი, მსგავს დარღვევებზე ეფექტური რეაგირება უმნიშვნელოვანესია.

„ვფიქრობთ, რომ არჩევნების შედეგების მიმართ მეტი ნდობის შექმნის მიზნით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც მეტობითი დისბალანსი დიდია, უნდა მოხდეს შედეგების გადათვლა.

მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ნაბიჯები ააცილებს ქვეყანას თავიდან პოტენციურ პოლიტიკურ დაძაბულობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

მასალების გადაბეჭდვის წესი