“გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მოუღია. როგორც ჯაფარიძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითზე “გირჩსაც” არ მიუღია გადაწყვეტილება, თუმცა ამბობს, რომ პარტია გაიზიარებს იმ პოზიციას, რაც ოპოზიციას ექნება.
“[პარლამენტში] შესვლა-არშესვლის საკითხი დასმული იყო, თუმცა ამაზე გადაწყეტილება მიღებული არ არის არცერთი პარტიის მიერ და არც “გირჩის” მიერ. “გირჩი” დარჩება ოპოზიციური პარტიების საერთო შეთანხმების ერთგული. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, “გირჩი” იქნება მაგ გადაწყვეტილების ერთგული, თუმცა ეგ საკითხი გადაწყვეტილი არ არის და უბრალოდ განხილული იყო.
ჩვენ ახლა ვაგრძლებეთ კონსულტაციებს, მათ შორის, პარტიის შიგნითაც და პარტიებშიც. ასევე ვეცნობით იმ განცხადებებს, რასაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აკეთებენ, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. ამის ფონზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ჯაფარიძე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 14:50 საათისთვის “გირჩმა” ხმების 2.95% მიიღო. ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული თბილისის უბნების დიდი უმრავლესობის შედეგები. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ენდობა ცესკოს შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ დღეს, 16 საათზე, პარლამენტთან აქცია დაგეგმეს.