ახალი ამბები

ვინ (ვერ) ხვდება პარლამენტში პარალელური დათვლის მიხედვით – ISFED-ის დათვლის მიხედვით

1 ნოემბერი, 2020 •
ვინ (ვერ) ხვდება პარლამენტში პარალელური დათვლის მიხედვით – ISFED-ის დათვლის მიხედვით

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პროპორციული წესით პარლამენტში, შესაძლოა, ათი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდეს.

ორგანიზაციის ცნობით, მათ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებს 95%-იანი სანდოობის ინტერვალი და 0.1-დან 0.7 პროცენტამდე ცდომილების ხარისხი აქვს.

ISFED-ის დათვლით, მიღებული ხმები პარტიებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 45.8%

ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია -26.4%

ევროპული საქართველო – 3.7%

პატრიოტთა ალიანსი – 3.1%

ლელო – 3.1%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%

გირჩი – 2.8%

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1.3 %

ლეიბორისტული პარტია – 1.0 %

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო 0.9 %

აღსანიშნავია, რომ #10 შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო #3 ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი -0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ამდენად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს, გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ორგანიზაციამ მონაცემთა შეგროვება შეძლო საკუთარი დამკვირვებლების 96.1%-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.

ვინ მოხვდება პარლამენტში?!

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რამდენი მანდატის მოპოვებას შეძლებენ პოლიტიკური სუბიექტები ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა წლებთან შედარებით განსხვავებული პრინციპით ჩატარდა, რა დროსაც 150- ადგილიან პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სისტემით, ხოლო 30 გადანაწილდება ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებზე.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმათა 45.8% მოაგროვა, რაც 120 მანდატიდან დაახლოებით 54-ის (54.96) მოპოვებას ნიშნავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტში პროპორციული სისტემით ქართული ოცნების სიის პირველი 54 კანდიდატი მოხვდება გოდერძი ჩანქსელიანის ჩათვლით.

პოლიტიკური ბლოკი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია, პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ხმათა 26.4%-ს აგროვებს, რაც 120 მანდატიდან დაახლოებით 31 (31.68) ადგილს ნიშნავს. ამ შემთხვევაში პარლამენტში ხვდება სიის პირველი 32 წევრი ნონა მამულაშვილის ჩათვლით. ამ შემთხვევაში პარლამენტში მოხვდებიან ხათუნა სამნიძე, ცეზარ ჩოჩელი, თამარ კორძაია, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ლევან ვარშალომიძე, კახაბერ ოქრიაშვილი და სიის კიდევ 24 წევრი, თუმცა ვერ მოხვდებიან დიმიტრი შაშკინი, მურმან დუმბაძე, გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, მურთაზ ზოდელავა და სხვები.

ევროპულმა საქართველომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლაში ხმათა 3.7% მიიღო, რაც 120-დან 4.44 მანდატს ნიშნავს. ამ შემთხვევაში პარლამენტში ხვდება სიის ოთხი წევრი.

პატრიოტთა ალიანსმა პარალელურ დათვლაში ხმათა 3.1% მიიღო, რაც პროპორციული წესით გადასანაწილებელ 3.72  მანდატს ნიშნავს. ამ შემთხვევაში პარტიიდან პარლამენტში მოხვდებიან ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე.

დაახლოებით 3(3.6)  მანდატის მოპოვებას შეძლებს სტრატეგია აღმაშენებელიც, რის შედეგადაც პარლამენტში მოხვდებიან გაერთიანების ლიდერი გიორგი ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი და პაატა მანჯგალაძე.

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით, პროპორციული წესით, სავარაუდოდ, სამ მანდატს მოიპოვებს ლელოც. პარლამენტში შესვლას მოახერხებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე (2012-2016) დავით უსუფაშვილი.

პარალელური დათვლის მიხედვით, პროპორციული სიით გირჩი პარლამენტში დაახლოებით 3 (3.36) მანდატს მოიპოვებს. შესაბამისად, პარლამენტის წევრები გახდებიან ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი.

პარტია მოქალაქეები, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით, პარლამენტში პროპორციული წესით 1 (1.56) მანდატს მოიპოვებს. შესაბამისად, პარლამენტის წევრი გახდება სიის პირველი ნომერი ალეკო ელისაშვილი.

120-დან ერთ მანდატს მოიპოვებს ლეიბორისტული პარტია, რომლის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გახდება პარლამენტის წევრი.

საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ერთ მანდატს მოიპოვებს ნინო ბურჯანაძის ერთიანი საქართველოც, რომლის პირველი ნომერიც თავად ბურჯანაძე გახლავთ.

პარტიების ნაწილის შემთხვევაში, პროპორციულ სიაში მყოფი კანდიდატები ასევე მონაწილეობენ მაჟორიტარულ არჩევნებშიც. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანდიდატები გაიმარჯვებენ მაჟორიტარული წესით, მაშინ მათ ადგილს პროპორციულ სიაში დაიკავებს ქვემოთ მყოფი კანდიდატი. შედეგად, პოლიტიკური სუბიექტიდან პარლამენტში ერთით მეტი კანდიდატი შევა.

გარდა ამისა, იმ შემთვევაში, თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთა მიერ მიღებული ჯამი, რომლებმაც გადალახეს 1 %-იანი ბარიერი, არ არის 120, ანუ არსებობს ე.წ. “ნაშთი”, რომელიც სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ ბარიერის ვერგადალახვის გამო შეიქმნა, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილმა პარტიებმა რეალურად უფრო მეტი მანდატის მოპოვება შეძლონ საპარლამენტო არჩევნებში.

*სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით გამოანგარიშებული მანდატების რაოდენობა მიზანმიმართულად არ არის დამრგვალებული, რადგან საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიხედვით, მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი განსაზღვრავს მანდატის რიცხვს.

ჯერჯერობით უცნობია, შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მის შედეგებს არ აღიარებენ.

ზემოთ დათვლილ პროპორციულ მანდატებს დაემატება 30 მანდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოქლებში გათამაშდება.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა წლებთან შედარებით, განსხვავებული პრინციპით ტარდება. 150- ადგილიან პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული, ხოლო 30 ადგილი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებზე გადანაწილდება. წლევანდელ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 1%-ია, ხოლო ბლოკების შემთხვევაში იზრდება მასში შემავალი სუბიექტების რიცხვის პროპორციულად.

ცესკოს მონაცემებით, 31 ოტქომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11 %-ია. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს დაფიქსირდა გაყალბების მნიშვნელოვანი შემთხვევები.

მასალების გადაბეჭდვის წესი