ახალი ამბები

ზეიმი გულში, მთავარია ახლა თითოეული ხმა დავიცვათ – უგულავა

31 ოქტომბერი, 2020 • 713
ზეიმი გულში, მთავარია ახლა თითოეული ხმა დავიცვათ – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ოპოზიციამ ხმები დაიცვას.

როგორც უგულავამ “მთავარ არხს” უთხრა,  “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ “სახელისუფლებო” ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგები ერთმანეთს დაამთხვიოს. აქედან გამომდინარე, უგულავა მიიჩნევს, რომ ახლა ზეიმის დრო არ არის და ამ ღამეს ოპოზიციას ხმების დაცვა მოუწევს. ამას გარდა, გიგი უგულავა სულ მცირე 15 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს.

“რამდენიმე ეგზიტპოლი გამოცხადდა. მე სახელისუფლებო ეგზიტპოლებზე არ ვისაუბრებ, თუმცა 41%, 46% იქნება თუ 59%, ფაქტი ერთია, რომ “ქართული ოცნება” ჯამურად უმცირესობაშია. ანუ “ქართულმა ოცნებამ” წააგო. დარწმუნებული ვარ, ხვალ ეს წაგება გაფორმდება. მინდა მოვუწოდო ჩვენს კომისიის წევრებს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებსაც –  მეგობრებო,  გამხნევდით! ახლა მთავარია თითოეული ხმა დაიცვათ, რადგან თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე… 52% თუ 55% რომ დაიწერეს იქ, ნიშნავს იმას, რომ ახლა ივანიშვილმა დაიძინა, როცა გაიღვიძებს, ეს ციფრი უნდა უპატაკონ.  ამიტომ პრაქტიკულად ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებს ამაღამ, ამიტომ ზეიმი გულში, მთავარია, ახლა თითოეული ხმა დავიცვათ”,-აცხადებს უგულავა.

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

მასალების გადაბეჭდვის წესი