ახალი ამბები

პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 5-7 საათში გამოცხადდება — ცესკო

31 ოქტომბერი, 2020 • 1973
პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 5-7 საათში გამოცხადდება — ცესკო

ცესკო საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს უბნების დახურვიდან დაახლოებით 5-7 საათში წარადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

კანონმდებლობით საარჩევნო უბნები 20:00 საათზე უნდა დაიხუროს, თუმცა ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათის მერეც გაგრძელდა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას რამდენიმე სახის ბიულეტენის დათვლა უწევს.

“ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას დროს სჭირდება იმისათვის, რომ ყველა პროცედურა განახორციელოს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ პროცედურების განსახორციელებლად დაახლოებით 5-7 საათია საჭირო და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არის განსხვავებული.

ჩვენ თუ შევხედავთ თუნდაც ეგზიტპოლის შედეგებს, ვნახავთ იმას, რომ მათაც დასჭირდათ გარკვეული დრო თავიანთი კითხვარების დასამუშავებლად, ზოგიერთი ეგზიტპოლის მონაცემი მოცემული იყო 4 საათის მდგომარეობით, ზოგიერთი მათგანის- 5 საათის მდგომარეობით. ხოლო საარჩევნო ადმნისტრაციას თავის საქმიანობის განხორციელების პროცესში სჭირდება ბევრად უფრო მეტი დრო, იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალურად უნდა იყოს მონაცემები საზოგადოებისათვის წარმოდგენილი”, — განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს მონაცემებით, დღეს, 31 ოტქომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11 %-ია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქალაძემ განაცხადა.

ეს მონაცემები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობაზე მეტია, რომლის დროსაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.63 %-მა (1, 814, 276-მა ამომრჩეველმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი