ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა – კალაძე

31 ოქტომბერი, 2020 • 1158
“ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ “დამაჯერებლად გაიმარჯვა”.

“ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში  დამაჯერებლად გაიმარჯვა. დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. დღევანდელი არჩევანით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა”, – თქვა კახა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ცესკოს არჩევნების ჩატარებისთვის, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პოლიციას. კალაძე ასევე დარწმუნებულია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში სწორედ “ოცნების” კანდიდატები იმარჯვებენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც ოთხმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები.

“მთავარი არხის” ეგზიტპოლზე დაყრდნობით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა და ოპოზიციამ გაიმარჯვა. “იმედის” ეგზიტპოლის მიხედვით კი, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 55%-მა მისცა ხმა.

ეგზიტპოლი არის მხოლოდ და მხოლოდ კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვა და ოფიციალური შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მისგან. ჯერჯერობით, სულ მცირე, რამდენიმე საათია საჭირო იმისთვის, რომ ცესკომ დაიწყოს წინასწარი შედეგების გამოქვეყნება.

სრულად ოთხივე ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები ნახეთ აქ:

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

მასალების გადაბეჭდვის წესი