ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 165 საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს, რომელთაგან 11 საჩივარი მარკირების შემოწმებასთან დაკავშირებით არის დაწერილი, რაზეც მისი თქმით, ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება.
“უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს. მაგალითად, ეს არის საკონტროლო არასრულყოფილი ან არასწორი შევსება, რაც დაფიქსირდა გარდაბნის ნომერ 52-ე საარჩევნო უბანზე, ასევე, ნაძალადევის მე-13 საარჩევნო უბანზე, წყალტუბოს 64-ე უბანზე”, — განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 1 607 530 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 45. 77%-ია და მეტია 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებულ აქტივობაზე — 42,05%.