ახალი ამბები

მელია მხარდამჭერებს გლდანში ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 • 1003
მელია მხარდამჭერებს გლდანში ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოუწოდა მხარდამჭერებს, შეიკრიბონ გლდანში, მის საარჩევნო შტაბში და ერთად დაიცვან ხმები.

ნიკა მელიას თქმით, თავად ის შტაბიდან არ გადის, რადგან პროვოკაციის მოწყობაში არ დაადანაშაულონ.

“მობრძანდით გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და დავიცვათ ხმები მშვიდობიანად და წყნარად. ეს არჩევნები მოგებულია. ამ არჩევნებს არ მოვაპარინებთ ბიძინა ივანიშვილს და კრიმინალებს”, – თქვა ნიკა მელიამ თავის შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

მან პოლიციას ასევე მოუწოდა თავისი შტაბის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლებისკენ. ის რამდენიმე საათის წინ, გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაპირისპირებისას დააკავეს.

როგორც ნიკა მელია ამბობს, ეძგვერაძე არჩევნებს ოფიციალურად დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა, რა დროსაც მას მიუახლოვდა კახა კალაძის მეგობარი დავით კვიჟინაძე და იარაღით დაემუქრა. მელიას ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ეძგვერაძე და მას ადვოკატებიც ვერ პოულობენ.

“გლდანში უპირობოდ მარცხდება ქართული ოცნების კანდიდატი ლევან კობიაშვილი და სწორედ ამიტომ აწყობენ პრობვოკაციებს, მობილიზებაა კრიმინალების”, – თქვა ნიკა მელიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე სიცრუე უწოდა ნიკა მელიას ბრალდებას დავით კვიჟინაძესთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე, კვიჟინაძე არის თუ არა მისი მეგობარი, კალაძემ უპასუხა, რომ მას გლდანში ბევრი მეგობარი ჰყავს, რადგან 13 წლის იყო, როდესაც იქ საცხოვრებლად გადავიდა.

გლდანში მომხდარ ინციდენტში ნიკა მელიას შტაბის წევრები და უშუალოდ ირაკლი ეძგვერაძე დაადანაშაულა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გლდანში, საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

გლდანში დაპირისპირების შემდეგ დაკავებულია 5 პირი – ვაჟა სირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი