ახალი ამბები

გლდანში დაპირისპირების შემდეგ დაკავებულია 5 პირი – ვაჟა სირაძე

31 ოქტომბერი, 2020 •
გლდანში დაპირისპირების შემდეგ დაკავებულია 5 პირი – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გლდანში, საარჩევნო უბნებთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 5 პირია დაკავებული.

როგორც სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კონკრეტულად, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

ვაჟა სირაძის თქმით, პოლიცია ყველა კონკრეტულ ინციდენტზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მომხრე “ძველი ბიჭები” ცდილობენ, მოაწყონ პროვოკაციები, თავს დაესხან დამკვირვებლებს და ასე ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესს გლდანში.

თავის მხრივ, დაპირისპირებაში მონაწილე პირი, რომელიც ჟურნალისტებს ირაკლი ქომეთიანის სახელით გაეცნო, პროვოკაციაში ადანაშაულებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. ის ირწმუნება, რომ არის “ადგილობრივი” და შემთხვევით წააწყდა ოპოზიციის წარმომადგენელთა პროვოკაციას, რის შემდეგაც მათთან მოუვიდა კონფლიქტი.

გლდანში დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ “პუბლიკის” ჟურნალისტს. მას ფეხი ჩაარტყეს და ტელეფონი დაუზიანეს. გარდა ამისა, როგორც ტვ “პირველი” აცხადებს, დაპირისპირებისას ხელი ჰკრეს მათ ჟურნალისტ ანუნა ახალაიას, რომელსაც კამერა მოხვდა და სახის არეში მიიღო დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი