ახალი ამბები

ვარშავაში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას

30 ოქტომბერი, 2020 • 1341
ვარშავაში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას

პოლონეთში, დედაქალაქ ვარშავაში ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის სრულად აკრძალვას. დემონსტრანტები გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნითა და აბორტის უფლების შეზღუდვის წინააღმდეგ აქციას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მართავენ. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

აღნიშნულს წინ უძღოდა 1-კვირიანი უწყვეტი აქციები ქვეყნის დიდ და პატარა ქალაქებში. საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, ქალებმა ათეულობით ქალაქში გადაკეტეს გზები, ასევე, გამოაცხადეს გაფიცვა. დემონსტრაციები გაიმართა ეკლესიებშიც: დემონსტრანტთა თქმით, კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკაზე, მათ შორის, აბორტის საკითხის გადაწყვეტაზე, რაც სეკულარულ ქვეყანაში მიუღებელი პრაქტიკა უნდა იყოს.

გასულ დღეებში დემონსტრანტები რამდენჯერმე გახდნენ ულტრამემარჯვენე, რადიკალური ჯგუფების თავდასხმის სამიზნეც.

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო ევროპის მასშტაბით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება ქალებს ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც უზღუდავს აბორტის უფლებას. გასული წლის სტატისტიკით, პოლონეთში კანონიერი აბორტების 98% სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების გამო გაკეთდა.

სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მმართველ წრეებში მიესალმნენ. თუმცა, პროტესტის შემდეგ, პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, რომელმაც თქვა, რომ ქალებს, გარკვეულ შემთხვევებში, უნდა ჰქონდეთ აბორტის უფლება. თუმცა კვლავ ეწინააღმდეგება აბორტს ნაყოფის არალეტალური დეფექტის შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღო და ის სიცოცხლის უფლების დაცვით ახსნა. თუმცა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალების იძულებას, შეინარჩუნონ ნაყოფი მისი განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც, მათთვის არასაჭირო ფიზიკური და მენტალური ტანჯვა მოაქვს.

მათი ხედვით, გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი