ახალი ამბები

პოლონეთის 50-მდე ქალაქში ქალებმა გზები გადაკეტეს: პროტესტი აბორტის უფლებისთვის

27 ოქტომბერი, 2020 • 1533
პოლონეთის 50-მდე ქალაქში ქალებმა გზები გადაკეტეს: პროტესტი აბორტის უფლებისთვის

პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის სრულად აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქციების მეხუთე დღეს ათასობით ადამიანმა ქვეყნის ქალაქებში გზები გადაკეტა, რის შემდეგაც სატრანსპორტო მოძრაობა 1 საათით იყო შეფერხებული.

პოლონეთში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო ევროპის მასშტაბით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქალებს ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც უზღუდავს აბორტის უფლებას. გასული წლის სტატისტიკით, პოლონეთში კანონიერი აბორტების 98% სწორედ ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების გამო გაკეთდა.

BBC-ის ცნობით, 26 ოქტომბრის ღამით საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა ქუჩები 50-მდე ქალაქში გადაკეტეს. მათ შორის იყო ვარშავა და კრაკოვი. დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ. ერთ-ერთს ეწერა: “ვისურვებდი, ჩემი მთავრობა მომეცილებინა[აბორტით]”.

აღნიშნულს წინ უძღოდა 4-დღიანი პროტესტი პოლონეთის მასშტაბით. დიდი და პატარა ქალაქების ქუჩებთან ერთად, აქციის მონაწილეებმა აქციები ეკლესიებშიც გამართეს. მათი თქმით, კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკაზე, მათ შორის, აბორტის საკითხის გადაწყვეტაზე, რაც სეკულარულ ქვეყანაში მიუღებელი პრაქტიკა უნდა იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღო და ის სიცოცხლის უფლების დაცვით ახსნა. თუმცა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალების იძულებას, შეინარჩუნონ ნაყოფი მისი განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც, მათთვის არასაჭირო ფიზიკური და მენტალური ტანჯვა მოაქვს.

მათი ხედვით, გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი – საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი