ახალი ამბები

ცესკო ადასტურებს, რომ სალონიკში ორი საარჩევნო უბანი გაუქმდა, ათენში 3 უბანი რჩება

30 ოქტომბერი, 2020 •
ცესკო ადასტურებს, რომ სალონიკში ორი საარჩევნო უბანი გაუქმდა, ათენში 3 უბანი რჩება

ცესკოში აცხადებენ, რომ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ორი საარჩევნო უბანი გაუქმდა, შესაბამისად, იქ არჩევნები ვერ ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობითვე, საბერძნეთში სამი საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას ათენშიც. ამ დროისთვის ამ უბნების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, შესაბამისად, იქ არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დღეს, 30 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში არჩევნები ვერ ჩატარდება. ამის მიზეზად პრემიერმა ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელა. როგორც გახარია ამბობს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში მათი კონსტიტუციური უფლება დაცული ყოფილიყო, თუმცა ისინი სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი არ მოქმედებს.

“არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია და იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც, მე როგორც ვიცი”,-განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი