ახალი ამბები

ადამიანი ასაკშია – პრემიერის დისკრიმინაცია კიკაბიძის მიმართ

30 ოქტომბერი, 2020 • 1589
ადამიანი ასაკშია – პრემიერის დისკრიმინაცია კიკაბიძის მიმართ

“პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩვეულებრივი ქვეცნობიერის გამოვლენა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად სიმღერასთან დაკავშირებით.

გახარია ბუბა კიკაბიძეზე საუბრისას ეიჯისტურ [დისკრიმინაცია ასაკობრივი ნიშნით] განცხადებას აკეთებს – ამბობს, რომ კიკაბიძე  “ასაკშია” და როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მას საარჩევნო შეხვედრებზე ამღერებს და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებს, ეს ამ პარტიის მხრიდან ინდივიდის ბედის უგულებელყოფას ნიშნავს:

“უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული, ჩვეულებრივი ქვეცნობიერია. სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაცა კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა – ამიტომ არის ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში. ბუბა კიკაბიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ადამიანი ასაკშია. ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი საერთოდ არავის ადარდებს. ჯერ ეს ერთი, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ… შემდგომ, რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ… გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიყწოს”, – განაცხადა გახარიამ.

29 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ენმ/ძალა ერთობაშიას დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის, “თბილისოც”. კიკაბიძემ რამდენიმე სტროფი რუსულად იმღერა, რასაც სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა განაცხადა, რომ ავტომატურად იმღერა მეორე სტროფი რუსულად, რადგან უკრაინაში რუსულად მღერის.

“ტექნიკური შეცდომა მოხდა იმაში, რომ მე ამას ვმღერი ასე, როგორც თბილისში ვიმღერე, უკრაინაში. მე მაქვს გადასარევი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ, იქ ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ტექნიკურად მე უცებ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად”, — განაცხადა კიკაბიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი