ახალი ამბები

გახარიას ცნობით, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში არჩევნები ვერ ჩატარდება

30 ოქტომბერი, 2020 • 1271
გახარიას ცნობით, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში არჩევნები ვერ ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

როგორც გახარია ამბობს, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემთხვევაში მათი კონსტიტუციური უფლება დაცული ყოფილიყო, თუმცა ისინი სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ან სურვილი არ მოქმედებს.

“არ შეგვიძლია თუნდაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დავუყენოთ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანში ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია და იქ ვერ ტარდება უბრალოდ არჩევნები და საბერძნეთშიც, მე როგორც ვიცი. ესპანეთზე არ ვიცი არაფერი. ეს ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტია, რადგან დარწმუნებულნი ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთსა და ესპანეთში “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს”, – აცხადებს გახარია.

განახლება: ნეტგაზეთს ცესკოში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში მდებარე ორი საარჩევნო უბანი გაუქმდა და ათენში ჯერჯერობით რჩება სამი საარჩევნო უბანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი