ახალი ამბები

თვითიზოლაციაში მყოფთა მხოლოდ 12.6% შეძლებს გადასატანი ყუთით სარგებლობას

30 ოქტომბერი, 2020 •
თვითიზოლაციაში მყოფთა მხოლოდ 12.6% შეძლებს გადასატანი ყუთით სარგებლობას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს გადასატანი ყუთით სარგებლობას 10 845 ადამიანი შეძლებს, რომელთა შორის იქნებიან საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი პირებიც. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელა.

საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასატანი ყუთით ისარგებლებს თვითიზოლაციაში მყოფი 3 695 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცესა და სტაციონარულ დაწესებულებებში- 7 150 პირი, მათ შორის, სამედიცინო პერსონალიც.

ცესკოს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი დღეს, დღის განმავლობაში მიიღებს ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბერს მათთან სპეციალური ჯგუფის წევრები გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ.

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 საარჩევნო სპეციალური უბანი შეიქმნა. რაც შეეხება გადასატანი ყუთის რაოდენობას, კომისიის განცხადებით, ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთი მოემსახურება. ასევე, ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეციალური ჯგუფების წევრების საერთო რაოდენობა 1 917 იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასტანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაცია ცენტრს 9 940-მა მოქალაქემ მიმართა, თუმცა მათგან კომისიამ მხოლოდ ის პირები დაარეგისტრირა, ვისი მოთხოვნაც გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილიბდა. კერძოდ, თვითიზოლაციაში გადასატანი ყუთით სარგებლობის მსურველი მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ შესაბამისი უწყებებიდან გადაცემულ ბაზაში, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, თვითიზოლაციაში ოფიციალურად იმყოფება 29 387 პირი. რაც ნიშნავს, რომ ხვალ, 31 ოქტომებრს, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის დაახლოებით 12.6% შეძლებს გადასატანი ყუთით სარგებლობას.

აღნიშნული რაოდენობის დამტკიცებამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესების შემუშავების მიმართულებით აკრიტიკებდნენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაცეიბის წარმომადგენლები. მათი თქმით, შემუშავებული სისტემა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ბარიერებს უქმნიდა. კერძოდ, თვითიზოლაციაში მყოფი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

ამასთან, ცესკოს მიერ მითითებულ ცხელ ხაზზე, გარკვეულ შემთხვევებში, მოქალაქეებს არ პასუხობდნენ და მათ დიდი ხნის განამვლობაში უწევდათ ლოდინი. ეს საკითხები ელენე ხოშტარიამ და ხათუნა გოგორიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვედრაზე გააცნეს, რის შემდეგაც ჟვანიამ დადო პირობა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ცხელ ხაზზე რეკავდა, თუმცა დაკავშირება ვერ მაოხერხა, საარჩევნო კომისიიდან თავად დაუკავშირდებოდნენ. მოგვიანებით ელენე ხოშტარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მის მიერ ცესკოსთვის მიწეოდებულ სიებში მყოფ ადამიანებს საარჩევნო კომისიიდან მართლაც დაუკავშირდნენ.

რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია აქტიურად აწარმოებდა საინფორმაციო კამპანიას, მათ შორის, იყენებდა სოციალურ ქსელებს და მედიას. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 14 431 ამომრჩეველს, ვისაც საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა მითითებული, ცესკომ სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე 25 ოპერატორი იღებდა.

ცესკოს მიერ შემუშავებული სისტემა გააკრიტიკა სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. ლომჯარიას თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებზე გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის დაწესებული შეზღუდვები ქმნიდა რისკს, რომ მოქალაქეების ნაწილი ხმის მიცემის შესაძლებლობას დაკარგავდა, ან უბანზე გამოცხადების შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შექმნიდა. ამის შესახებ ლომჯარიამ განცხადება საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით 26 ოქტომბერს გაავრცელა. სახალხლო დამცველი ასევე წერდა, რომ ცესკომ ამ სისტემის შემუშავებაზე ზრუნვა დაგვიანებით, “ბოლო დღეებში” დაიწყო.

ცესკოს მიერ 19 ოქტომბერს გამოცემული დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნების დღეს გადასატანი ყუთით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, დარეკავდნენ ცესკოს ცხელ ხაზზე. ამასთან, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მათი მონაცემები უნდა დამთხვეოდა შესაბამისი უწყებების მიერ გადაცემულ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების სიას. რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვადები ცესკომ ორჯერ გადაწია: პირველად, ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა, მას შემდეგ კი რაც “ევროპული საქართველოს” წარმოამდგენლები, ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ, თარიღმა 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გადაიწია.

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-
საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის
შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. 24
ოქტომბრიდან ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული
დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 25 ოპერატორი
აფიქსირებდა.
ამასთან, ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო
ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური
ქსელებისა და მედიის საშუალებით, ასევე შესაბამისი უწყების მონაცემთა
ბაზაში რეგისტრირებულ 14 431 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული
ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო
შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა;
ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ
მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში
მონაწილეობის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი