ახალი ამბები

თვითიზოლაციაში მყოფები არჩევნებზე დასარეგიტრირებლად ბარიერებს აწყდებიან — TI

27 ოქტომბერი, 2020 •
თვითიზოლაციაში მყოფები არჩევნებზე დასარეგიტრირებლად ბარიერებს აწყდებიან — TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით, ამომრჩევლები, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან, სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში დასარაგისტრირებლად ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.

ასეთი ამომრჩევლებისთვის ცესკომ სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრაციის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გაახანგრძლივა. თავდაპირველად დასარეგისტრირებელ ვადად 24-26 ოქტომბერი იყო მოცემული.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პრაქტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ფიქსირდება :

  • ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია;
  • თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
  • ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს.

TI-ის განცხადებით, ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანი ატყობინებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული.

“შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს”, — აცხადებენ ორგანიზაიციაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება ისე, რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა.  ასევე, კვლავაც ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა საკარანტინო ზონებში და სამკურნალო დაწესებულებებში  სპეციალური უბნების შექმნა.

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა.

“ასევე ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძებელია რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

მასალების გადაბეჭდვის წესი