ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

23 ოქტომბერი, 2020 • 2216
როგორ მისცემენ ხმას კოვიდ-პაციენტები და თვითიზოლაციაში მყოფები

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ოქტომბერს #45 დადგენილება გამოსცა, რომლითაც განისაზღვრება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში, მათ შორის კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნა, ასევე, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. აღნიშნული დადგენილება გაერთიანებული ოპოზიციის (‘ძალა ერთობაშია”) მიერ შექმნილმა “ხმების დაცვის კომისიამ” სასამართლოში გაასაჩივრა. როგორ მისცემენ არჩევნებში ხმას კოვიდინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები და რატომ ითხოვს ოპოზიცია დადგენილების თავიდან შემუშავებას?

სპეციალური სიები და სპეცჯგუფები

ცესკოს დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს საკარანტინო სივრცეებში, სტაციონარებში, თვითიზოლაციაში [მათ შორის ბინაზე მკურნალობის დროს] მყოფი ადამიანებისთვის და ასევე სტაციონალური სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინო სივრცის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო ყუთს მოქალაქეებთან ადგილზე მიიტანენ. 

იმ ამომრჩევლების დასადგენად კი, ვინც ხმას ამ წესით მისცემს, შეიქმნება სპეციალური სიები, რომელსაც ცესკოს სხვადასხვა უწყებები, მათ შორის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიაწვდიან. ცესკო სპეციალურ სიაში ავტომატურად გადაიყვანს ყველა იმ ადამიანს, ვინც 31 ოქტომბერს, კორონავირუსის მიზეზით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინო სივრცეში იქნება მოთავსებული.

სპეციალურ სიებში ასევე მოხვდებიან სპეცჯგუფში მყოფი ცესკოს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლები, რათა მათ იქვე მისცენ ხმა.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე უწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“. 

ამასთან, დადგენილების მიხედვით, გადასატანი ყუთის საარჩევნო სიის შედგენაზე არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადასატანი ყუთის სიებში შეყვანილი ადამიანების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. 

დადგენილების თანახმად, სპეციალურ სიაში ჩაწერილი ადამიანის სახელისა და გვარის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გაკეთდება ჩანაწერი “გადაყვანილია სპეციალურ სიაში”. 

სპეციალური სიების შედგენის ბოლო დღედ კი დადგენილებაში განსაზღვრულია 28 ოქტომბერი. 

დადგენილების თანახმად, კორონავირუსის მქონე პაციენტებისა და მათი კონტაქტებისთვის ცესკო თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნის, სულ მცირე, ერთ საარჩევნო უბანს, ხოლო თბილისში, სულ მცირე, ათ საარჩევნო უბანს.  თითოეულ ასეთ უბანში საარჩევნო კომისიების ფუნქციის განხორციელებისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფები. სპეცჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 12 წევრისგან, საარჩევნო უბანში ერთზე მეტი გადასატანი ყუთის სიის არსებობის შემთხვევაში კი, საჭიროებისამებრ, დამატებით დაინიშნება გადასატანი ყუთის წამღები სპეცჯგუფის, სულ მცირე, 2 წევრი. სპეცჯგუფის თითოეული წევრის ასაკი განისაზღვრება 21-დან 60 წლამდე. 

ამასთან, დადგენილების მიხედვით, სპეცჯგუფის წევრი ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. 

რაც შეეხება დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და პრესას, დადგენილების მიხედვით,  საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის ცესკოს განსაზღვრული აქვს შემდეგი წესები:

დააკლიკეთ

  •  საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის არაუმეტეს 2-2 წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
  • ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო ადგილობრივი დამკვირვებელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;
  • საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო დამკვირვებელი თარჯიმანთან ერთად, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში.

იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის ან პრესის წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გაუჭირდება პირბადის ტარება, მას სპეცჯგუფში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება. 

კენჭისყრა

რაც შეეხება კენჭისყრას, დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურა უნდა დაიწყოს 08:00 საათიდან და უნდა დასრულდეს 20:00 საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი კი უბანში  21:00 საათმდე უნდა დაბრუნდეს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა მარკირებას, დადგენილების მიხედვით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მოთავსებული პირებს, ასევე, კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირებს არ უტარდებათ მარკირება. 

დადგენილების თანახმად, კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში ხმის მიცემის პროცესზე დასაკვირვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს და პრესის წარმომადგენლებს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესის დასაკვირვებლად მხოლოდ 1 ადამიანის გამოყოფის უფლება აქვთ. 

იმ სემთხვევაში კი, თუ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები ვერ შეთანხმდებიან კონკრეტული პირის გამოყოფაზე, სპეცჯგუფის თავმჯდომარე მას წილისყრის საშუალებით გამოავლენს.

ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სპეცჯგუფის წევრებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევის უფლება აქვს კონკრეტული დაწესებულების [კლინიკის ან საკარანტინე სივრცის] პერსონალს. მათ შორის პერსონალს უფლება აქვს, სპეცჯგუფის წევრებს დაეხმაროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში. 

დადგენილებით ასევე განსაზღვრულია სპეცჯგუფებისთვის სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვაც. კერძოდ, საარჩევნო უბნებში:

დააკლიკეთ

  • საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;
  • კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი საარჩევნო უბანში არ დაიშვება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
  • სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავება;
  • სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა პერიოდულად უნდა შეცვალონ პირბადე და კენჭისყრის დღეს პერიოდულად დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით;
  • მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა ხდებოდეს სპეცჯგუფის განთავსების ოთახების განიავება/ბუნებრივი ვენტილაცია;
  • სპეცჯგუფის განთავსების შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება სპეცჯგუფის განთავსების შენობაში;
  • კენჭისყრის დღეს სპეცჯგუფის განთავსების ადგილზე ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი საარჩევნო კოდექსი დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის შენობიდან გაძევების საკითხზე;
  • ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;
  • სპეცჯგუფის განთავსების შენობაში თერმოსკრინინგს უზრუნველყოფს შესაბამისი სპეცჯგუფის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას:

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის  გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;
  • საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მისაღებად ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი  უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, იმგვარი  ფორმით (ჩვენება, გადაფურცვლა და სხვა), რომ სპეცჯგუფის წევრის მიერ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი უნდა გასცენ მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების  ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემდეგ;
  • ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას.  ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1,5 მეტრისა, რისი განმარტებაც უნდა მოხდეს წინასწარ ან ადგილზე. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში);
  • ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. სპეცჯგუფის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს მისთვის განკუთვნილი კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;
  • კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება უნდა მოხდეს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია უნდა მოთავსდეს სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში. გადასატანი საარჩევნო ყუთი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა და სადეზინფენქციო ხსნარით დამუშავება;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დეზინფენქცია.

ზემოთ ჩამოთვილილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების არშესრულების შემთხვევაში პროცესებში მონაწილე პირი სპეცჯგუფის თავმჯდომარისგან გაფრთხილების მიღებას ექვემდებარება, ნორმების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი თავმჯდომარე ვალდებულია, მას სპეცჯგუფის განთავსების ოთახის ან გადასატანი ყუთით კენჭისყრის დატოვებისკენ მოუწოდოს. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება თავმჯდომარეს, თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირის გაძევების შესახებ. 

ამასთან, დადგენილების მიხედვით, სპეცჯგუფების წევრებსა და ამ პროცესებში მონაწილე სხვა პირებს სხვა საარჩევნო უბანზე დასწრების უფლება არ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კენჭისყრის დღეს დატოვებენ საარჩევნო უბნის განთავსების შენობას ან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს, უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. ასევე, დადგენილების თანახმად, განსაზღვრულ პირების ჩანაცვლება არ შეიძლება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის/ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლით და დამკვირვებლით. 

ცესკოს ვალდებულებები

დადგენილების თანახმად, ცესკო ვალდებულია ამ პროცესებში მონაწილე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვილილი წესების შესახებ, მაგალითად, დააარიგოს ფლაერები, გააკეთოს რეკლამა, დაუკავშირდეს ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა.

ამასთან, ცესკო ვალდებულია მოქალაქეებიის შესაბამისი მონაცემების მისაღებად შესაბამის დაწესებულებებს საჭიროებისამებრ წერილობით აცნობოს საკარანტინე სივრცეებში საარჩევნო უბნების შექმნისა და სპეცფჯუგების შემადგენლობის შესახებ. 

შესაბამის სპეცჯგუფებში დადგენილების შესრულების კონტორლი საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სპეცჯგუფების თავმჯდომარეებს ევალებათ.

დადგენილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია სპეცჯგუფის წევრებისთვის ტრენინგების ჩატარებას უზრუნვლეყოფს.

დადგენილების აღსრულების მიზნით საჭირო ღონისძიებებს და შესაბამისი ინვენტარის შესყიდვას სრულად ცესკო ახორციელების.  

კრიტიკული გამოხმაურებები და დავა სასამართლოში

გაერთიანებული ოპოზიციის (ძალა ერთობაშია) მიერ შექმნილმა “ხმების დაცვის კომისიამ” აღნიშნული დადგენილება სასამართლოში 21 ოქტომებრს გაასაჩივრა. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას კომისიის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული დადგენილება საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესს და ქმნის არჩევნების გაყალბების რისკს. 

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განმარტებით, ცესკოს 45-ე დადგენილების საფუძველზე, ათასობით ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება. კერძოდ, ჩალაგაშვილი განსაკუთრებულ პრობლემას ხედავს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ხმის მიცემისთვის რეგისტრაციის ვადების სიმცირეში. 

“იქიდან გამომდინარე, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, კომუნიკაციების პრობლემა აქვთ, მათ არ აქვთ საშუალება ცესკოს ვებგვერდი ამოწმონ და არც ამის ვალდებულება აქვთ, საიდან უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა ეს ინფორმაცია?”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საკარანტინო ზონებში ადამიანები განსაზღვრული ვადით არიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი საკარანტინე ზონაში ყოფნის ვადა იწურება, პირობითად, 30 ოქტომბერს, 29 ოქტომბერს კი მას გაკეთებული ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდება, ის “სახლში ვეღარ წავა”. ჩალაგაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანი არ იქნება სპეციალურ სიაში შეყვანილი, ანუ მასთან არ მივა სპეცჯგუფი და ის ვერც სხვა საარჩევნო უბანზე მისცემს ხმას. 

“შეიძლება მოხდეს მეორენაირადაც, შეიძლება ადამიანს 31 ოქტომბრამდე სტაციონარში ყოფნა უწევდეს და ის შეიყვანონ სპეცსიაში, მაგრამ 30 ოქტომბერს ჩატარებული ტესტის შედეგად არ დაუდასტურდეს კორონავირუსი. იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებში ადგილები არ გადაიტვირთოს და არ შეიქმნას საწოლების პრობლემა, ექიმი ვალდებულია ეს ადამიანი სახლში გაუშვას. ანუ ის 31 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო საავადმყოფოში, მაგრამ ერთი დღით ადრე მოუწია სახლში წასვლა და თავის საარჩევნო უბანზე რომ მივიდეს, იქ ეწერება, რომ სპეციალურ სიაშია გადაყვანილი და ხმის მიცემის უფლებას არ მისცემენ. საავადმყოფოში აღარავინ შეუშვებს. ანუ ის ვერ შეძლებს ხმის მიცემას”, – განმარტა ჩალაგაშვილმა. 

ჩალაგაშვილის თქმით, დადგენილებაში არ არის განმარტებული, სპეციალურ სიებში შეყვანილი ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის გამო არ იმყოფებიან შესაბამის ოლქში, იღებენ თუ არა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუმარტა, რომ ის ადამიანები, ვინც ხმის მიცემის მომენტში არ იმყოფებიან მათი ოლქის ტერიტორიაზე, ხმას ვერ მისცემენ მაჟორიტარ კანდიდატს. მიქელაძის განმარტებით, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანები იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე განათავსონ საკარანტინო სივრცეებსა და კლინიკებში, სადაც ჩაწერილები არიან ბიანაზე და ხმას აძლევენ.

ასევე, ჩალაგაშვილის განმარტებით, დადგენილებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, არსებობს არჩევნების ჩაშლის საფრთხეც. კერძოდ, “ხმების დაცვის კომისიის” წევრის თქმით, შესაძლოა კონკრეტულმა ძალამ, რომელსაც არჩევნების ჩაშლის ინტერესი აქვს, დაავალოს საკუთარ წამომადგენლებს, 24 ოქტომბრიდან, 26 ოქტომბრის ჩათვლით დარეკონ ცესკოს მიერ მითითებულ ნომერზე და უთხრან, რომ არიან თვითიზოლაციაში:

“იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რეგისტრირებული სია. როდესაც ვრეკავთ 112-ში და ვეუბნებით, რომ გვაქვს ცხელება ან ხველა, გვეუბნებიან, რომ თუ არ გვაქვს სხვა განსაკუთრებული სიმპტომები, დავრჩეთ სახლში. მათ არავინ არ ეკითხება ვინაობას და მონაცემებს. სხვადასხვა პარტიებმა მობილიზება რომ გააკეთონ საკუთარი ხალხის, შეიძლება, 100 000 კაცზე მეტი, რომელსაც არ აქვს თვითზიოლაციაში ყოფნის ვალდებულება, უბრალოდ დარეგისტრირდეს”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რომ არჩევნების დღეს სპეცჯგუფები მიაკითხავენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც მთავრობის მიერ შედგენილ თვითიზოლაციაში მყოფი პირების სიაში იქნება. 

“იმ ადამიანების მონაცემები, ვინც გადასატანი საარჩევნო ყუთის მათთან მიტანის შესახებ აცნობებენ ცესკოს, გადამოწმდება იმ სიების მეშვებოით, რომელსაც კომისიას მთავრობა მიაწვდის. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადამიანი არ იქნება შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიაში, ის ვერ იქნება შეყვანილი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის შედგენილ სპეციალურ სიაში. ადამიანებთან, ვინც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში, მათთან გადასატანი ყუთი ვერ მივა”, – განმარტა მიქელაძემ. 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეის [23 ოქტომბერი] მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 ადამიანითუმცა, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, უცნობია, ფარავს თუ არა ეს რიცხვი ყველა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს, რადგან ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, აჭარაში, როცა კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანების კონტაქტებს სახელმწიფო უწყებებიდან არ დაკავშირებიან, ისინი კი საკუთარი ინიციატივით გადადიან თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ნათელი არ არის, აქვს თუ არა სახელმწიფოს ყველა ადამიანის მონაცემები. 

ჩალაგაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ გაუქმდეს ეს დადგენილება და ცესკოს დაევალოს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე “ქართული ოცნებიდან”, და ახალ დადგენილებას შეიმუშავებენ.

თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების წესს აკრიტიკებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და “ხმათა დაცვის კომისიის” წევრი, ლევან თარხნიშვილიც. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი ძალიან მაღალია, ეს ზრდის გაყალბების შანსებს:

“სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გამოყოფილია გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, რადგან ბევრი ადამიანი აძლევს ხმას, გადასატანი ყუთით ხმის მიცემა კი გაიოლებული პროცედურაა, დამკვირვებელი შეიძლება გაჰყვეს, შეიძლება ვერ გაჰყვეს, არ ხდება მარკირება და კიდევ სხვა პრობლემებია. ამიტომ არსებობს კანონში ნორმა, რომ [ამომრჩევლების] 3%-ზე მეტმა არ უნდა ისარგებლოს გადასატანი ყუთით. ახლა ეს პროცენტი ავტომატურად გაიზრდება. თუ არ მოხდება გამიჯვნა იმ ადამიანების, ვინც ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევს სხვა ავადმყოფობის გამო, ვერ მოხდება კონკრეტული პროცენტის დადგენა, ეს პროცენტი თვითიზოლაციის ხარჯზე გაიზრდება თუ ხელოვნურად გაზარდეს გადასატანი ყუთის რაოდენობა”, – განმარტა თარხნიშვილმა. 

ამასთან, თარხნიშვილის თქმით, ცესკოსგან განსხვავებით, რომელსაც სპეცჯგუფების მობილიზებისთვის საკმარისი რესურსი აქვს, საარჩვენო სუბიექტებს და სადამკვირვებლო მისიებს ადამიანების მობილიზების პრობლემა შეექმნებათ. კერძოდ, თარხნიშვილის თქმით, ინფიცირების რისკებიდან გამომდინარე, შესაძლოა  ადამიანებმა ამ პროცესებში ჩართვა არ მოისურვონ:

“უნდა იპოვო ადამიანი, რომელიც თანახმაა, ამაში მონაწილეობა მიიღოს გარკვეული რისკის ფონზე. ამასთან, ცესკოს მსგავსი ფინანსური რესურსები არ აქვს არც სადამკვირვებლო მისიებს და არც პოლიტიკურ პარტიებს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ დროშიც ძალიან შეზღუდულები ვართ, შეიძლება ვერ ვიპოვოთ საკმარისი რაოდენობის ადამიანები, რომ მათ ამ პროცესებში მონაწილეობა გადაწყვიტონ”, – განმარტა თარხნიშვილმა.

აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთმა” ცესკოს მიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე გამოყოფილია 127 სპეციალური უბანი, მაგრამ კონკრეტულად რამდენი გადასატანი ყუთი გავა საარჩევნო უბნინდან, მხოლოდ სიების ფორმირების შემდეგ გახდება ცნობილი. 

“გადასატანი ყუთის რაოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელობა აქვს ლოკაციებსაც, მაგალითად, საკარანტინო სივრცეების შემთხვევაში ზოგ სასტუმროში განთავსებულია 50 ამომრჩეველი, ზოგგან -20, ზოგგან- 200 და ა.შ. 200 ამომრჩეველთან შესაძლებელია რაოდენობიდან გამომდინარე 2 გადასატანი ყუთის გაგზავნა. თუ არის სასტუმროები, სადაც იმყოფება 10-20 ამომრჩეველი და ეს სასტუმროები ერთმანეთის გვერდითაა, იქ შესაძლებელია ჯერ ერთგან მორჩეს პროცესი, ეს გადასატანი ყუთი კი გადავიდეს მეორეგან და ა.შ.”, – განმარტა მიქელაძემ. 

თარხნიშვილის განმარტებით, ასევე პრობლემას წარმოადგენს დადგენილების მიღების თარიღიც, რადგან ის არჩევნებამდე 12 დღით ადრე გამოიცა. თუმცა, თარხნიშვილის თქმით, ამაში “დამნაშავე არ არის მხოლოდ ცესკო”, არამედ ის უწყებებიც, რომლებმაც დროულად არ მიაწოდეს რეკომენდაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამასთან, თარხნიშვილის თქმით, 45-ე დადგენილების გამოცემამდე, ცესკოს ჰქონდა დადგენილების სხვა ვერსიაც, რომელიც ოპოზიციური პარტიების დაწუნების შედეგად შეცვალეს. 

“წინა ვერსია უვარგისი იყო და თავიდან დაიწერა ეს ვერსია. შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება თავიდანვე რომ ჩაერთოთ პოლიტიკური პარტიები და მათთან კონსულტაციები გაევლოთ. ისინი [ცესკო] მზა ტექსტით მოვიდნენ, რომელიც ჩვენი კრიტიკის შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან გადაწერეს. ეს იყო დაახლოებით ორი კვირის წინ”, – განმარტა თარხნიშვილმა. 

ცესკოს 45-ე დადგენილების მიმართ შენიშვნები აქვს “საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოსაც”. არასამთოვრობო ორგანიზაციის მიერ გუშინ, 22 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, დადგენილება შეიცავს შემდეგი სახის ხარვეზებს:

  • დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი 24-ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით მიმართავენ ცესკოს. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ეს ვალდებულება გაუმართლებელია, რადგან ვინც ამ პერიოდში ვერ მოახერხებს ცესკოსთან მიმართვას, ის ხმის მიცემის საშუალების გარეშე რჩება. “მით უფრო, რომ წარმოდგენილი დადგენილებით არაგონივრულად მცირე დრო ეძლევათ ამომრჩევლებს ამ უფლებით სარგებლობისთვის”. 
  • “ასევე გაუგებარია, რატომ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ამორჩევლებს, რომლებსაც ბინაზე მკურნალობის ან თვითიზოლაციის აუცილებლობა 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდგინდებათ. მით უმეტეს, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდი  შეიძლება იყოს.  ყოველივე ეს გაუმართლებელ დაბრკოლებას წარმოადგენს ასეთი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობისთვის, ასევე, ქმნის გარკვეულ საფრთხეებს „არასასურველი“ ამომრჩევლის სიის მიღმა დატოვების  კუთხით. საბოლოოდ კი ზღუდავს ხმის მიცემის კონსტიტუციურ უფლებას.  მიგვაჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ცესკომ ავტომატურად უნდა შეიყვანოს აღნიშნული პირები და მათ მიეცეთ უფლება, მიმართვის საფუძველზე, ამოეწერონ აღნიშნული სიიდან”, – წერია დადგენილებაში. 
  • “ცესკომ უარი თქვა თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებსა თუ საკარანტინო სივრცეებში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია. ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს  შესაძლებლობას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის დროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლია პროცესს დააკვირდნენ, შეზღუდულია. უმჯობესი იქნებოდა პროცესის იმგვარად ჩატარება (სპეციალურ საარჩევნო უბნებში), რომლის დროსაც შესაბამისი სუბიექტების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა იქნებოდა”, – წერია განცხადებაში

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე პრობლემას ხედავს დადგენილების იმ ნაწილში, რომლის მიხდევითაც გადასატან ყუთს შეიძლება მხოლოდ ერთი ადგილობრივი და საერთშორისო დამკვირვებელი, ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და ერთი პრესის წარმომადეგენელი გაჰყვეს. TI-ის განამრტებით, ეს ნაწილი ბუნდოვანია, რადგან გაურკვეველია, ექნებათ თუ არა დამკვირვებლებს იმის საშუალება, რომ უბანზე არსებულ ყველა გადასატან ყუთს გაჰყვნენ. ორგანიზაცია ცესკოს მიმართავს რეკომენდაციით, გაზარდოს აღნიშნული კვოტები მინიმუმ ორამდე.

“წარმოდგენილი დადგენილებით ნათლად არ იკითხება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი. კერძოდ, ბუნდოვანია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებს, საკარანტინო სივრცეებს, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც გადიან ბინაზე მკურნალობას, მოემსახურებათ ერთი და იგივე გადასატანი ყუთი, თუ რამდენიმე ასეთი ყუთი. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ყუთი იქნება ასეთი კატეგორიის ამომრჩევლისათვის გათვალისწინებული, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდება სხვადასხვა სივრცეში მყოფი ამომრჩევლების დაჯგუფება. ყუთების გამიჯვნისას იზრდება შესაძლებლობა, ხმის მიცემის პროცესზე უფრო სრულყოფილი დაკვირვება აწარმოონ ორგანიზაციებმა, თუკი ეცოდინებათ, რომ ინფიცირებულ ამომრჩევლებთან არ მოუწევთ კომუნიკაცია.  გარდა ამისა, შემცირდება ინფექციის გავრცელების რისკიც”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებაში აღნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს დადგენილების მიღების პროცესშიც. კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, ცესკომ დადგენილებაზე მუშაობა დაგვიანებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ მაისში მოუწოდებდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ცესკოსთან ერთად შესაბამისი დადგენილება დროულად მიეღო.

ასევე, TI-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, TI-ის განცხადებით, დადგენილების პროექტი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეკრების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩართულ მხარეებს კი ცვლილებებზე მსჯელობის საშუალება არ ჰქონდათ. 

ამასთან, განცხადების მიხედვით, ცესკომ შეხვედრაში მონაწილე პირებს “არაადეკვატურად მცირე დრო განუსაზღვრა შენიშვნების წარმოსადგენად და დადგენილება მალევე, იმავე დღეს, მნიშვნელოვანი შენიშვნების გათვალისწინების გარეშე  მიიღო”. 

ცესკოს პასუხი

დამატებითი დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, ცესკო მაქსიმალურად შეეცადა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის კორონავირუსით დაინფიცირებულ ან მათთან კონტაქტში მყოფ პირებსაც. 

TI-ის შენიშვნაზე თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების შესახებ, რომ ისინი 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში გადასვლის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, მიქელაძემ განმარტა, რომ ამ ვადების გაზრდა [26 ოქტომბრის შემდეგ რეგისტრაცია] შეუძლებელია, რადგან:

“სიების ფორმირებას აქვს თავისი წესი, შესაბამისი ვადები. ეს არის საკმაოდ დიდი ლოჯისტიკური პროცესი: უნდა მოხდეს სიების ფორმირება, სიების ბეჭდვა, შემდეგ შესაბამისად განისაზღვროს, მაჟორიტარული სიით უნდა მიიღოს ადამიანმა არჩევნებში მონაწილეობა, პროპორციული სიით თუ ორივე. უნდა დაიბეჭდოს ბიულეტენები და ამ ყველაფერს სჭირდება დრო. შესაბამისად, ეს არჩევნებამდე 1-2 დღით ადრე ვერანაირად ვერ მოხდება”, – განმარტა მიქელაძემ.

ამასთან, მიქელაძის თქმით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სპეციალური სიების დამტკიცების შემდეგ ეს მონაცემები გადაეცემა საარჩევნო სუბიექტებსაც.  რაც შეეხება დადგენილებაზე მუშაობის დაწყების ვადებს, მიქელაძის თქმით, ამ პროცესების უფრო ადრე დაწყება არ იქნებოდა რელევანტური, რადგან მაშინ განსხვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო. 

“ეპიდსიტუაციიდან და არსებული რეალობიდან, ასევე სხვადასხვა ფაქტორების გათვალსიწინებით, მოხდა [დადგენილების გამოცემა] მაქსიმალურად იმ შესაძლო ვადებში, რა ვადებშიც იყო შესაძლებელი, რომ აღნიშნული დადგენილება მიეღო ადმინისტრაციას”, – განმარტა მიქელაძემ.  

მიქელაძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასევე შექმნილი ჰქონდა საარჩევნო ჯგუფი, სადაც როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასახვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. 

“ერთ-ერთ შეხვედრაზე ასევე იყო პროექტის გაცნობაც, პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინეს, შემდეგ გადაიგზავნა განახლებული პროექტიც. ყველა საკითხი იყო შეთანხმებული ყველა ჩართულ მხარესთან”, – განმარტა მიქელაძემ. 

ამასთან, პრესსპიკერმა განმარტა ცესკოს გადაწყვეტილება, თუ რატომ არ შეიქმნა სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ საკარანტინო სივრცეებში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია. მიქელაძის განამრტებით, ამის მიზეზი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და არასამთავრობოების რეკომენდაცია გახდა:

“საარჩევნო კომისიამ ამ შემთხვევაში გაითვალისწინა სადამვკირვებლო ორგნაიზაციების რეკომენდაციები. მანამდე იყო საუბარი, რომ კოვიდ სასტუმროებსა და სტაციონარულ დაწესებულებებში გახსნილიყო სპეციალური საარჩევნო უბანი, თუმცა ჩართულმა მხარეებმა ამის შესახებ გამოთქვეს მოსაზრება, რომ გახსნილ საარჩევნო უბანზე საკმაოდ გაუჭირდებოდათ თავიანთი დამკვრივებლების თუ წარმომადგენლების მობილიზება. ამიტომ გადაწყდა, რომ ყველასთან მისულიყვნენ სპეციალური საარჩევნო უბნის წარმომადგენელები”, – განმარტა მიქელაძემ

ცესკოს პრესსპიკერის განამრტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება სპეციალური სიების ფორმირება, ცესკო დაიწყებს პერსონალის გადამზადებას როგორც საარჩევნო საკითხებთან, ასევე კოვიდ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც.  ასევე, მიქელაძის თქმით, სპეციალურ უბნებზე ცესკო გამოყოფს ყველა ჩართული მხარისთვის ეკიპირებას, მიქელაძის თქმით, ახალი დადგენილების შესახებ საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი