ახალი ამბები

რას ჰპირდება “ოცნება” ამომრჩეველს | არჩევნები 2020

30 ოქტომბერი, 2020 •
რას ჰპირდება “ოცნება” ამომრჩეველს | არჩევნები 2020
  • 200 000 ახალი სამუშაო ადგილი
  • 40%-ით გაზრდილი ეკონომიკა
  • განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს

ეს “ქართული ოცნების” დაპირებების მცირე ჩამონათვალია. “გაგრძელდება”, “გაუმჯობესდება”, “გაფართოვდება”, “გაძლიერდება”, – “ქართული ოცნების” 96-გვერდიან პროგრამაში ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვებია —ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის შემთხვევაში მმართველი პარტია მოქალაქეებს გასული 8 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის ხაზის შენარჩუნებასა და განვითარებას სთავაზობს ყველა სფეროში. ზოგ შემთხვევაში, იმეორებს 2012 და 2016 წლების საარჩევნო ციკლის დაპირებებს, რომლებიც არ შესრულდა ან დროში გაჭიანურდა და 2020 წლის პროგრამაში გადმოინაცვლა.

მმართველი გუნდის 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისა და პროგრამის ძირითადი ხაზი გადის “ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების” იმიჯზე. საარჩევნო პროგრამის დიდი ნაწილი ეთმობა “ქართული ოცნების” ხელისუფლების 8-წლიანი საქმიანობის ანგარიშს და საკუთარი მიღწევების 2003-2012 წლებთან შედარებას. “ქართული ოცნება” საუბრობს “ვარდების რევოლუციის უმძიმეს მემკვიდრეობაზე და “ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული რევანშიზმით განპირობებულ სირთულეებზე, უმთავრეს ეროვნულ პრობლემებად კი ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და სიღარიბეს, რაც ასევე “მემკვიდრეობით მიიღო”.

“ნეტგაზეთმა” მიმართა პარტია “ქართული ოცნებას” საარჩევნო პროგრამაზე ინტერვიუების ჩასაწერად, თუმცა, უშედეგოდ. შესაბამისად, “ოცნების” დაპირებებს წერილობითი საარჩევნო პროგრამის, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე მიმოვიხილავთ.

“ქართული ოცნების” შესახებ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი — კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი კი — ირაკლი კობახიძე.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” 6-პარტიული კოალიციით მონაწილეობდა და ამომრჩეველთა ხმების 54.97% მიიღო. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ოცნებამ” 48.9%-ით გაიმარჯვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტში, 2017 წელს გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნება” მესამე ვადით არჩეული პირველი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოში.

ეკონომიკური განვითარება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აცხადებს, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ერთგული რჩება და რეგულაციების შემოღებას “ფაქიზად” მოეკიდება, რათა ნებისმიერი ნეგატიური შედეგი თავიდან იყოს აცილებული”.

მმართველი გუნდის პროგნოზით, საქართველო უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს, ხოლო 2024 წლისთვის ეკონომიკა არანაკლებ 40%-ით, ანუ 20 მილიარდით გაიზრდება, რაც ნიშნავს ერთ სულ მოსახლეზე დოვლათის არანაკლებ 5 400 ლარით ზრდას, ორასი ათას ახალ სამუშაო ადგილს და მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში.

4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა “ქართულმა ოცნებამ” 2016 წელსაც დადო, თუმცა 2016-2020 (II კვარტალი) წლებში დასაქმებულთა რაოდენობა ზრდის ნაცვლად 33 300-ით შემცირდა, აქედან 27 100-ით – პანდემიამდელ პერიოდში, 2016-19 წლებში.

პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს დასაქმებულთა რაოდენობის კლების კონტრარგუმენტად მოჰყავს ის, რომ უმუშევართა რაოდენობაც შემცირდა – 2016-19 წლებში 278.9 ათასიდან 221 ათასამდე.

“იგივე სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უმუშევრობის კლებაც არის. როგორ შეიძლება დასაქმება შემცირდეს და უმუშევრების რაოდენობაც შემცირდეს?! მოსახლეობის კლება არ არის 2014 წლიდან. 250 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი არის შექმნილი 2012 წლიდან”, – ამბობს კობახიძე.

“ოცნება” ხაზს უსვამს, რომ უმუშევრობის დონე 2012 წელს არსებული 17,2%-დან, 2019 წლის მონაცემებით, 11,6%-მდე შემცირდა, ხოლო 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონე არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და მისი აბსოლუტური სიზუსტით დადგენა რთულია. დასაქმებულთა რაოდენობა ზუსტად არ შეესაბამება სამუშაო ადგილების რაოდენობას, ვინაიდან ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა, რამდენიმე სამსახურში  მუშაობდეს. ამასთან, უმუშევართა რაოდენობის კლება შეიძლება განპირობებული იყოს არა აუცილებლად დასაქმების ზრდით, არამედ სამუშაო ძალის შემცირებით.

ამ უკანასკნელს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, მიგრაცია და ე.წ. იმედდაკარგული მუშახელის რაოდენობის შემცირება, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ ეძებდა სამსახურს (სტატისტიკაში უმუშევრად ითვლება 15+ ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვამდე 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში). 2016-2019 წლებში სწორედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) 84 300-ით შემცირდა.

რამდენ სამუშაო ადგილს შექმნიდა, “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა დაკონკრეტებული 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში, თუმცა წერდა: “ჩვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგებს იგრძნობს თითოეული ადამიანი: იგი მოძებნის თავისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს და შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარის რეალიზაციას”.

“ოცნების” პროგნოზით, მომდევნო საარჩევნო ციკლში ქვეყანა მიაღწევს საინვესტიციო რეიტინგს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს; შემდგომი დასაქმების მიზნით, “ოცნების” თქმით, უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირების პროფესიული გადამზადებისა და დუალური განათლების პროცესებში ჩართვა. ამასთან, დასაქმების შემთხვევაში, შშმ პირებს მინიჭებული შემწეობა შეუნარჩუნდებათ. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსახლეობისთვის კი, მმართველი პარტიის დაპირებით, დაინერგება „სოციალური დახმარება დასაქმებისთვის“ მიდგომები, რაც სოციალური დახმარების მიღების ნაცვლად, დასაქმების მასტიმულირებელი იქნება.

საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციისა და გაფართოების მიმართულებით, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ 2024 წლის ჩათვლით, დაინერგება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებების 85%, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების, საბაჟოსა და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მიმართულებებით შესრულებული იქნება ვალდებულებების 100%.

“ქართული ოცნება” თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას გეგმავს ინდოეთთან და ისრაელთან. დაანონსებული აქვს, ასევე, არაბული სახელმწიფოების საბჭოსთან საქართველოს მხრიდან ინიცირებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა და სერბეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა.

პარტიის პროგრამაშია აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით კონსულტაციების გაგრძელება და, მიღწეული შედეგების შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმართვაც. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი 2012 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობაზე შეთანხმების დასადებად მუშაობის გააქტიურება გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო პროგრამით, თუმცა 8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები წინსვლა არ ყოფილა.

ენერგეტიკის სექტორში “ოცნება” საქართველოს ტრანზიტორი ქვეყანის როლის გაზრდაზე საუბრობს. პარტიის პროგრამით, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების დანერგვისა და ბუნებრივი მონოპოლიების შესუსტების უზრუნველსაყოფად, გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება. 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში  “ქართული ოცნება” წერდა, რომ ქვეყანაში აშენდება გაზსაცავი. 2020 წლის პროგრამით, პროექტის განხორციელება დაყოფილია 2 ფაზად: I ფაზა დაეთმობა კვლევით სამუშაოებს, ხოლო II ფაზა — უშუალოდ მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტება-მშენებლობას.

იგეგმება საქართველოს მასშტაბით დამატებით 400-მდე სოფლისა თუ დაბის გაზიფიცირების დასრულება და, საერთო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს უნდა ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ბუნებრივი აირით;

ინფრასტრუქტურის ნაწილში, პროგრამაში ნათქვამია, რომ დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი — დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3,5 საათი დასჭირდება; ამ გეგმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულებულყოი “ოცნების” 2016 წლის პროექტით, თუმცა ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და დროში გადაიწია. 2007-2012 წლებში მოძრაობა გაიხსნა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი – 198 კილომეტრზე.

მმართველი პარტიის დაპირებით, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგებული იქნება.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას – პროექტის, რომლის შეფერხებაშიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ქართველი თუ უცხოელი ანალიტიკოსები სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

ეკონომიკის დოქტორ აკაკი ცომაიას შეფასებით, “ქართული ოცნების” პროგრამა არანაირ კრიტიკას არ უძლებს, რადგან მხოლოდ ლოზუნგებითაა წარმოდგენილი და ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული ინიციატივები არ ჩანს.

“ამას პროგრამას ვერ ვუწოდებთ, პროგრამა ასე არ იწერება. მას უნდა ჰქონდეს რეკვიზიტები და კითხვები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს. “ქართული ოცნების” პროგრამა კი იწყება “ნაციონალური მოძრაობის” გინებით და შემდეგ გადადის მტკიცებითი ტიპის ლოზუნგებზე, დაახლოებით იმ ტიპის, მიტინგებზე რომ გამოაქვთ ხოლმე. ასეთი პროგრამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იმის მიხედვით, რა სურვილები ამოძრავებს, მაგრამ რა დგას ამის უკან, რა გათვლებია წამოდგენილი, არ ჩანს. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, როგორი არარეალური დაპირებები ჰქონდა “ოცნებას” 2012 წელს, რატომ უნდა დავიჯეროთ ეს ლოზუნგები, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი მაჩვენებელი აბსოლუტურად რეალობას აცდენილია.

მაგალითად, რის საფუძველზე იზრდება ეკონომიკა 4 წელიწადში 40%-ით? —უცებ პროდუქტიულები ვხდებით ყველა? ტურიზმის სექტორიდან მოულოდნელად გადავდივართ თვითმფრინავების წარმოებაზე? უცხოური ინვესტიციების ზღვა შემოდის? ელონ მასკმა გადაწყვიტა საქართველში ახალი პროექტების წამოწყება, თუ რა არის საფუძველი, რომ წელიწადში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მაშინ როდესაც, ჩვენი საშუალო ზრდა და მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის 5%-მდე”,  – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცომაიამ.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, “ქართული ოცნების” მიერ დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროგრამაა, რომლის შენარჩუნებას მმართველი პარტია მომავალშიც გეგმავს. “ოცნება” ასევე აცხადებს, რომ განხორციელდება ჯანდაცვის სფეროს უმთავრესი პრიორიტეტის — პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მომდევნო ეტაპი:

  • დაიხვეწება პირველად დონეზე სერვისები და სისტემის დაფინანსების მექანიზმები;
  • გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა;
  • გაძლიერდება ავადობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებათა პრევენცია და, შესაბამისად, ამ დაავადებების მქონე მოსახლეობის დაცვა ჯანდაცვის კატასტროფული დანახარჯებისგანლ
  • გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა;
  • განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის ღონისძიებები, რაც გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

2020 წელს შეიცვალა სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც, უნივერსალური პენსიის ოდენობის ზრდა დაექვემდებარა ინდექსაციას. შედეგად, “ქართული ოცნების” პროგრამით, ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად არანაკლებ 300 ლარამდე გაიზრდება, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიებისთვის კი — არანაკლებ 400 ლარამდე. 2021 წელს უნდა დასრულდეს მუშაობა საპენსიო რეფორმის შემდგომ ეტაპზე. გეგმის მიხედვით, მოწესრიგდება ე. წ. მესამე სვეტის საპენსიო სქემა ანუ კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემა, რომელშიც შენატანები სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

“ქართული ოცნების” დაპირებით, განსახლების პროგრამების მეშვეობით, მომავალ 4 წელიწადში დამატებით 13 000 დევნილ ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს. 2024 წლამდე დაგეგმილია დამატებით 1200 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათი ახალ და უსაფრთხო გარემოში გადაყვანის გზით.

სასამართლო

დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა ქართული დემოკრატიიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის შეფასებული საქართველოს შესახებ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემაში; მიუთითებენ, რომ “მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად” წოდებული, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც სისტემას ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს აკონტროლებდა, გარიგებაში შევიდა “ოცნების” ხელისუფლებასთანაც და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისდამი ერთგულების ნიშნით.

სასამართლოს საკითხი გახდა ერთ-ერთი წყალგამყოფი თავად “ქართულ ოცნებაშიც”, რადგან ამ საკითხზე მმართველი პარტიის შიგნით მოხდა დაპირისპირება, შედეგად, ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და სხვა დეპუტატებმა პარტია დატოვეს. თუმცა თავად “ოცნება” დღეს აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და გატარდა ქმედითი ღონისძიებები მისი დამოუკიდებლობისთვის; 2020 წლის საარჩევნო პროგრამა ტოვებს განცდას, რომ “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და ძირეულ რეფორმას არ აპირებს, მხოლოდ “დამოუკიდებლობის განმტკიცების”, სასამართლოს სისტემური გაძლიერებისა და მოსახლეობაში სასამართლოს მაღალი ნდობის მოსაპოვებლად დაგეგმილია:

  • მოსამართლეთა და სასამართლო აპარატის მოხელეთა რაოდენობის გაზრდა;
  • სასამართლოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დახვეწა;
  • დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დახვეწა საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის 4 ტალღა გაატარა.

“მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემის მიმდინარე რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, არსებით პრობლემად რჩება”, – წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.

აქვე გთავაზობთ, გაეცნოთ იპოზიციის ხედვებს სასამართლოს მომავალზე:

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

2012 წელს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო და ამ საკითხს ეხმიანება 2020 წლის საარჩევნო პროგრამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მართლწესრიგის განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესია 2004-2012 წლებში ხელისუფლების მიერ უამრავი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დარღვეულ უფლებათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა.

“ამ მიმართულებით გადამწყვეტია პროკურატურის ეფექტურობა, რისთვისაც 2015 წლის მარტში პროკურატურაში შეიქმნა „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების“ სპეციალური დეპარტამენტი. პროკურატურის სპეციალურმა დეპარტამენტმა უდიდესი მუშაობა გასწია 2004-2012 წლებში ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა ათი ათასობით საჩივრის შესწავლისა და მათზე რეაგირების პროცესში — მოხდა საჩივრების თემატურად გაერთიანება და მათი კომპლექსურად შესწავლა. ეს პროცესი მეტი ინტენსივობით კვლავაც გაგრძელდება, რასაც პროკურატურის სისტემური რეფორმა მეტ ეფექტურობას შესძენს”, — აცხადებს “ქართული ოცნება”.

საგარეო პოლიტიკა

“2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის საგარეო მიმართულების წარდგენაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც ასოცირების შეთანხმების, ისე ვიზალიბერალიზაციის ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ” მემკვიდრეობით მიიღო — ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, მოლაპარაკებები 2010-2013 წლებში მიმდინარეობდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ტექსტის უდიდესი ნაწილი შეთანხმებული იყო, უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა, სამოქმედო გეგმა კი “ქართული ოცნების” მმართველობის დროს შესრულდა — ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული პირველი მსხვილი ინიციატივა და დასახული მიზანი იქნება ევროინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, აქამდეც ცნობილი იყო და ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციაშიცაა ასახული. ის, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შეუძლია მის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს, 2016 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშიც ჩაიწერა. თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შესახებ და, მით უმეტეს, განაცხადის გაკეთების სავარაუდო თარიღის დასახელებისგან აქამდე მმართველი გუნდი თავს იკავებდა.

რიგითი წინასაარჩევნო განცხადება თუ რეალური გეგმა – რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი?

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია წინასაარჩევნოდ ამ თემის წამომოწევას სპეკულაციურად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ზოგადად მიზანი მისასალმებელია.

“ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად არ გამოირჩევა თამამი ინიციატივებით და კარგია, რომ ამ ხელისუფლებამ წევრობაზე განაცხადის გაკეთება დააანონსა. “ოცნებას” ეს შიდაპოლიტიკური მიზნებისთვისაც გამოადგება, იმ ნარატივის გასამყარებლად, რომ პრორუსული ძალა არ არის. თუმცა ეს წინასაარჩევნო დაპირებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობასთან ახლოს იყოს. თუ შევხედავთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და იმ პროცესებს, რაც ევროკავშირში მიდის, არა მგონია, რომ ეს საკითხი ადვილად გადაწყვეტადი იყოს. განაცხადის გაკეთება ძალიან ადვილია, მაგრამ, ამავე დროს, არის სახიფათო. თუ რეალური მზაობა არ არის, შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, როგორც ეს მოხდა თურქეთის შემთხვევაში. ამიტომ გაწევრიანებაზე აპლიკაციის გაკეთება უნდა იყოს კარგად მომზადებული, საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული და ეს პროცესი წარმიმართოს ფართო საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართულობით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კორნელი კაკაჩიამ.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების, ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ურყევად გააგრძელებს “პრაგმატულ, მტკიცე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამის შედეგებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს”. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ საქართველოსათვის მნიშნელოვანი წითელი ხაზების — ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების — გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციასთან რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობას გააგრძელებს.

საარჩევნო პროგრამის თანახმად, მმართველი გუნდის პრიორიტეტად რჩება: საერთაშორისო არენაზე, ისევე, როგორც პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება და გაძლიერება; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გამოცოცხლება და მისი აქტუალიზაცია პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე; ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის მხარდაჭერის მოპოვებაზე მუშაობა.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” რაც ვერ შეძლო, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებაა, რაც თავად “ოცნების” პოლიტიკის გარდა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურითაც არის განპირობებული.

“რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” რაღაც გარღვევას განახორციელებდა. აქ არის საუბარი ორ სახელმიწფოს შორის განსხვავებულ ეროვნულ ინტერესებზე და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში საქართველოში თუ რუსეთში, ეროვნული ინტერესების საკითხს ასე მარტივად ვერ გადაწყვეტენ. ნორმალიზაციის პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა, კულტურულ ურთიერთობებში იყო ძვრები, მაგრამ საბოლოოდ მივადექით იმას, რასაც ველოდით – წითელ ხაზებს, და რამედენიმე წელიწადია, ამ კუთხით წინასვლა არ იგრძნობა.

ერთადერთი, “ქართული ოცნების” ლიდერები თითქოს თავიდან ირიდებენ ახალ ომს რუსეთთან (რაც ისედაც არ არის მოსალოდნელი), სხვა წინსვლას ვერ ვხედავ. თუ მანდატი მიიღეს, შეიძლება უკვე სცადონ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდნენ — მოლაპარაკებებზე წავიდნენ მოსკოვთან, მაგრამ გავრილოვის ვიზიტმა აჩვენა, რომ საზოგადოება ამას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შეკითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რას მოგვცემს “ქართული ოცნების” არსებული პოლიტიკის გაგრძელება რუსეთთან, რომელიც ისედაც ჩიხშია, ვიდრე პასუხები”, — აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა სრულად იხილეთ აქ: http://gd.ge/Programs-2020

„ქართულმა ოცნებამ“ სრული საარჩევნო სია წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი