ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty-ის დასკვნით, ქალაქ ბარდის მიმართულებით კასეტური იარაღი გამოიყენეს

29 ოქტომბერი, 2020 • 1124
Amnesty-ის დასკვნით, ქალაქ ბარდის მიმართულებით კასეტური იარაღი გამოიყენეს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ ადასტურებს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში კასეტური ბომბების გამოყენებას, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. რამდენიმე კვირის წინ ამავე ორგანიზაციამ დაადასტურა ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეპანაკერტის მიმართულებით აზერბაიჯანული მხარის მიერ კასეტური იარაღის გამოყენება.

Amnesty-ის თანახმად, 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე, აზერბაიჯანის ქალაქ ბარდის მიმართულებით ერთი ან რამდენიმე სმერჩის რაკეტა გაისროლეს, რამაც კლინიკასთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი დააზიანა. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, ამ შეტევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი თავდასხმა იყო ახალი ომის მიმდინარეობისას.

Amnesty-მ 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ Vice News-ის რეპორტიორების გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი კასეტური იარაღის ფრაგმენტები ეკუთვნის რუსული 9M55 სმერჩის სარაკეტო სისტემის 9N35 კასეტურ იარაღს, რაც, სავარაუდოდ, სომხური მხარის მიერ იქნა გამოყენებული.

ერევანმა იარაღის გამოყენება უარყო, სტეფანაკერტმა – ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობამ — დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურას შეუტიეს და არა დასახლებას.

„კასეტური იარაღის გამოყენება სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით არის სასტიკი და უგუნური ქმედება, რაც იწვევს … სიკვდილს, დაზიანებასა და უბედურებას“, – განაცხადა დღეს მარი სტრათერსმა, „ამნესტის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა.

27 ოქტომბერი. წყარო: BBC

Amnesty International-ის განმარტებითვე, კასეტური იარაღი ასეულობით მცირე ზომის ჭურვს შეიცავს და განსაკუთრებით საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, აფეთქების დიდი არეალისა და მცირე ზომის ჭურვების ცალ-ცალკე აფეთქების შესაძლებლობიდან გამომდინარე. ამასთან, ბომბების 5-20% არ ფეთქდება, რაც მათი ადგილზე დატოვების შემთხვევაში დამატებით რისკს ქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის.

„ამნესტიმ“ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნით, აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტის მისამართით კასეტური იარაღი გამოიყენეს. ორგანიზაციის თანხმად, მათი ექსპერტების დასკვნით, სტეფანაკერტის მისამართით აზერბაიჯანულმა ძალებმა გამოიყენეს ისრაელში დამზადებული M095 DPICM კასეტური იარაღი.

ვრცლად:

„ჩვენი მტერი არ არის რიგითი სომეხი“ – ბაქოელი მემარცხენეები ომის წინააღმდეგ

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ომი უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა აეღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონებში, ასევე ქალაქი ჰადრუთი.

მხარეებს შორის შედგა სამი ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის, ერთხელ კი აშშ-ის შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში, შეთანხმებების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოხალისეთა ჯგუფების შექმნისა და ომში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

ნახეთ ასევე:

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი – მტერი ქალაქ შუშადან 5 კილომეტრშია

მასალების გადაბეჭდვის წესი