ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი – მტერი ქალაქ შუშადან 5 კილომეტრშია

29 ოქტომბერი, 2020 • 1733
ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი – მტერი ქალაქ შუშადან 5 კილომეტრშია

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სომეხ ერს გაერთიანებისა და ქალაქ შუშის დაცვისაკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

არაიკ არუთუნიანის განცხადებით, მტრის მთავარი მიზანია შუშის აღება.

“1992 წელს ჩვენი გამარჯვება დაიწყო ქალაქ შუშის განთავისუფლებით, დღეს ეს გამარჯვება გრძელდება ქალაქის დაცვით. მტერი რამდენიმე, მაქსიმუმ ხუთ კილომეტრშია. მტრის მთავარი მიზანი ქალაქის აღებაა”, – განაცხადა არუთუნიანმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში სომხური ძალები ბრძოლებში გარდატეხას მოახდენენ.

“რამდენიმე დღეში ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ გარდატეხას ფრონტის ხაზზე და დავსჯით მტერს სწორედ შუშის კარიბჭესთან. გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ერთად”, – მიმართა სომეხ ხალხს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.


ქალაქი შუშა მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ სტეფანაკერტთან [ხანქენდი] ახლოს მდებარეობს.

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ომი უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოახერხა აეღო დასახლებები მარტუნის, ფუზულის, ჯაბრაილის, გუბადლის, ზანგელანის რაიონეში. ასევე ქალაქი ჰადრუთი. მხარეებს შორის შედგა სამი ჰუმანიტარული ზავი, სამივე შემთხვევაში, შეთანხმებების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოხალისეთა ჯგუფების შექმნისა და ომში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი