ახალი ამბები

კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის უფლებას – Wolt

29 ოქტომბერი, 2020 • 1174
კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის უფლებას – Wolt

მიტანის სერვისის კომპანია Wolt  ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ კურიერთან თანამშრომლობას არ წყვეტს, თუმცა 10 დღით უზღუდავს მიტანის სერვისის განხორციელების უფლებას.

საქმე ეხება ინციდენტს, რომლის შესახებაც ფეისბუკზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. ახალგაზრდა ქალმა ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში თქვა, რომ Wolt-ის კურიერმა საჭმლის მიტანის შემდეგ პირად ნომერზე მისწერა.

ქალის მიერ გავრცელებულ ე.წ. სქრინშოტში ეწერა, რომ კაცმა მისწერა – „სხვათა შორის, ძალიან კარგად გამოიყურებით“.

Wolt-ში ამბობენ, რომ კომპანიაში მომხმარებლების პირად მონაცემებზე (მათ შორის მობილური ტელეფონის ნომრები) წვდომას აკონტროლებენ, ხოლო ამ მონაცემების არამიზნობრივად გამოყენების გამო, კურიერი დროებით დაბლოკეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ Wolt-ის არცერთი პარტნიორი კურიერი არ არის კომპანიის თანამშრომელი და ისინი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები არიან – „შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა კურიერის სამსახურიდან გაშვებაზე, არამედ თანამშრომლობის შეწყვეტაზე,“.

Wolt განმარტავს, რომ მათი პროგრამის მიხედვით, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პარტნიორი კურიერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შეკვეთის მიტანის პროცესში. შეკვეთის მიტანის დასრულებისთანავე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კურიერისთვის პროგრამულად ხელმიუწვდომელია.

„ჩვენთვის სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მკაცრად დაირღვა მომხმარებლის უფლებები და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების და დაცვის წესი, რაზეც პასუხიმგებლობას კომპანია სრულად თავის თავზე იღებს. ჩვენი რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

ასევე, ვითვალისწინებთ აღნიშნულ კურიერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომლის დროსაც არცერთ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში პარტნიორ კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის სერვისის განხორციელების უფლებას, რის შემდეგაც ჩაუტარდება ტრენინგი და ტესტირება. მხოლოდ ტესტის წარმატებულად გავლის შემდგომ მას მიეცემა უფლება განაგრძოს პარტნიორობა ჩვენს კომპანიასთან“, – ამბობენ კომპანიაში.

მათივე თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდეს, კომპანია გადახედავს პარტნიორი კურიერებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი