ახალი ამბები

ხელისუფლებისგან ვითხოვთ სათანადო რეაგირებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევებზე — კოალიცია

29 ოქტომბერი, 2020 • 600
ხელისუფლებისგან ვითხოვთ სათანადო რეაგირებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევებზე — კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე  სათანადო რეაგირებას ითხოვენ.

საუბარია დღეს,  29 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა“. ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის (სატელეფონო) საუბარი შედგა და საზოგადოებას  საუბრის დეტალები გააცნო.

დღესვე ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. ამ დროისათვის აპარატურა აღმოჩენილია, თუმცა კვლავაც უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

“როგორც სავარაუდოდ ფარული მოსმენის, ისე მოსმენის დეტალების გასაჯაროება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კი არ უნდა ახალისებდნენ მედიის მარგინალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება განსაკუთრებულია წინასაარჩევნო პერიოდში.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები.  მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება”, — აცხადებენ კოალიციაში.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს “რადიკალური ოპოზციის” “დესტრუქციული გეგმების” ნაწილი მათი მედიასაშულაბებიც იქნებიან.

კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ამის მაგალითად დაასახელა “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საუბარი. კობახიძის ინფორმაციით, გოგელიამ ენმ-ის წარმომადგენელს სთხოვა, დაესახელებინა ის უბნები, სადაც არჩევნების დღეს პარტია “ხმაურის მოწყობას” გეგმავდა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, საიდან აქვს “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია, მან თქვა, რომ ეს “გამოჟონილი ინფორმაციაა.” კობახიძის განმარტებით, არჩევნების დღეს ენმ პროვოკაციების მოწყობას შეეცდება, რასაც “პარტიული ტელევიზიები საკუთარი გაშუქებით არჩევნების მიმდინარეობაზე ყალბ სურათს შექმნის”.

ასევე, ქუთაისში “მთავარი არხის” კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.

როგორც ნეტგაზეთს ჟურნალისტმა განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი