ახალი ამბები

“ქალაჩუნა” – ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია

29 ოქტომბერი, 2020 • 2341
“ქალაჩუნა” – ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია და მას “ქალაჩუნა” უწოდა. კობახიძემ ეს ტერმინი, საკუთარ ბრიფინგზე, არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას გამოიყენა. კერძოდ, ჟურნალისტმა მას “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ IPSOS-ის კვლევის შედეგების შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 23% უჭერს მხარს, ალოკაციით -40%.

კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ ეს არ არის სანდო კვლევები და ის არც ფრანგული კომპანია IPSOS-ის მთავარ ოფისს ეკუთვნის, არამედ უკრაინული IPSOS-ის შედეგებია, თუმცა არც მათ აქვთ შედეგები გამოქვეყნებული საკუთარ გვერდზე. ამის შემდეგ კი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” სამი წარმომადგენლიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი- რომელიმე ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავა:

“გუშინ დაიდო ე.წ. IPSOS-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მგონი, მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს, თან პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ, თუ ჩვენი სამი კადიდატიდან: გლდანში- კობიაშვილი, სამგორში- სუბარი და თელავი, ახემტა, ყვარელი ლაგოდეხის ოლქში- ქადაგიშვილი, რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, ნახეთ, რა მკაფიოდ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან. ერთი მათგანი მაინც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდი, შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე და გადაეცით თქვენს გენპროკურორს, ნიკა გავრამიას, წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანის თქმით, “ის [გვარამია], ბუნებრივია ამაზე ვერ წამოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას. ამის შემდეგ კი კობახიძემ მიმართა ჟურნალისტს: “მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს… თქვენს ქალაჩუნა გენდირექტორს გადაეცით ჩემი შეთავაზება”.

“მთავარი არხმა” კვლევის პროპორციული ნაწილის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა. გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ნაწილში მონაცემების არავალიდურობის გამო შედეგებს მედიით ვერ გაავრცელებდა,  თუმცა საკუთარი ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ ინფორმციას “ჩუმად” ავრცელებდა. მისი თქმით, გლდანში ნიკა მელია 61%-ით, სამგორის რაიონში ლევან ხაბეიშვილი 51%-ით, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, გიორგი ბოტკოველი 52%-ით, იგებდნენ არჩევნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი