ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გავანადგურეთ სომხური მხარის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა” – ბაქო

29 ოქტომბერი, 2020 • 801
“გავანადგურეთ სომხური მხარის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა” – ბაქო

აზერბაიჯანის დღევანდელი, 29 ოქტომბრის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სომხეთმა სარაკეტო და საარტილერიო პოზიციებიდან ფრონტის სხვადასხვა ხაზზე და კონფლიქტისპირა დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

“საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ხოჯავენდის, ფიზულისა და გაუბადლის მიმართულებებით მიმდინარეობდა. შედეგად, მოწინააღმდეგე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ასევე, გუშინ, დღისა და ღამის განმავლობაში ფრონტის სხვადასხვა ხაზზე განადგურებულია და მწყობრიდან გამოსულია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. ამჟამად, აზერბაიჯანის ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ”, – ნათქვამია ბაქოს განცხადებაში.

რაც შეეხება ერევანს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ახორციელებს მშვიდობიანი დასახლებების წერტილოვან დარტყმებს სტეპანაკერტსა და ქალაქ შუშაში.

ამასთან, სომხური მხარის ინფორმაციითვე, აზერბაიჯანი აღებულ ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ბაზებს ქმნის.

“რამაც კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია და არა მხოლოდ ყარაბაღისა და სომხეთის საზღვრებზე შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, არამედ სერიოზული საფრთხე შეუქმნას მთელ რეგიონს”, – აცხადებს ერევანი.

გუშინ, 28 ოქტომბერს სომხურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ყარაბაღის ქალაქებში, შუშასა და სტეპანაკერტში სარაკეტო დარტყმების შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა. სომხური მხარის ცნობითვე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებიც.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ განცხადებებს აზერბაიჯანული მხარეც ავრცელებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.

რატომ არ მუშაობს საზავო შეთანხმება ყარაბაღში?|ხედვა სომხეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი