ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი
დიპლომატების შეთანხმება, რომელიც ბრძოლის ველზე არ ვრცელდება
დღეს, 26 ოქტომბერს, რეგიონული დროით 8:00 საათზე ამოქმედებული რიგით მესამე საზავო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე წუთში დაირღვა.
25 ოქტომბერს აშშ-ში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სტეფან ბიეგუნთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ “დაადასტურეს მზადყოფნა, შეასრულონ და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს მოსკოვსა და პარიზში 10 და 17 ოქტომბერს და რომელიც თანხვედრაში იყო პირველ ოქტომბერს ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებასთან”.
დასაწყისისთვის, ალბათ, საჭიროა, განვიხილოთ, რა მოხდა პირველი და მეორე შეთანხმებების დარღვევის დროს.
საკმაოდ მარტივია იმის თქმა, რომ შეთანხმების ზავი დაირღვა და ამაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რა დინამიკა არსებობდა იმ დროისთვის ბრძოლის ველზე. ზავის ძალაში შესვლიდან ძალიან მალევე აზერბაიჯანულმა არმიამ გადაადგილება დაიწყო. თუკი 10 ოქტომბრის დილას აზერბაიჯანი ასე თუ ისე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტებიდან მხოლოდ ჯებრაილის ყოფილ რაიონულ ცენტრს აკონტროლებდა, ამავე დღეს დაიწყო თავდასხმა ჰარდრუთზე, რადგანაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ერთი დღით ადრე იჩქარა იმის თქმა, რომ აზერბაიჯანი აღნიშნულ ქალაქსაც აკონტროლებს.
შემდეგი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის არმია უკვე რეალურად აკონტროლებდა ჰარდრუთს, ასევე, ფიზულის ყოფილ რაიონულ ცენტრს.
18 ოქტომბერს, მეორე საზავო შეთანხმების მომენტისთვის აზერბაიჯანმა წარმატებას მიაღწია მდინარე არაქსის სამხრეთ ზოლზე და ხუდაფერინის წყალსაცავისკენ ირანის საზღვართან გასვლას შეეცადა.
20 ოქტომბერს, საზავო შეთანხმების მეორე დღეს, აზერბაიჯანმა უკვე ზანგელანის რაიონული ცენტრის კონტროლის შესახებ გაავრცელა განცხადება.
22 ოქტომბერს აზერბაიჯანმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან და ქუბათლის რაიონული ცენტრისკენ [თავად რაიონული ცენტრი არ იყო აღებული] გასვლის შესახებ.
ბაქოს მთავარი მიზანი ამჟამად ბერძორისკენ [ყოფილი ლაჩინი] გასვლაა იმისთვის, რომ გადაჭრას ყარაბაღის სომხეთისკენ დამაკავშირებელი გზა.
როგორც ვხედავთ, ბრძოლის ველზე აქტიურობასთან ერთად, დიპლომატია საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობს, თუმცა, ხელშესახები შედეგების გარეშე.
ამავე დროს, აშკარაა რეგიონში ტრადიციულად ყველაზე აქტიური ქვეყნების – რუსეთის და აშშ-ის საზავო შეთანხმების საკითხისა და, შესაბამისად, კონფლიქტში საკუთარი როლის ხაზგასმის ძალისხმევა.
რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, მათთვის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უფრო ფორმალობას წარმოადგენს. ამავე დროს, მნიშვნელოვან ფორმალობას, რადგანაც პატივს სცემენ მოსკოვისა და ვაშინგტონის სურვილს, იყვნენ შუამავლები. საზავო შეთანხმებებიც სწორედ ამის შედეგია.
თურქეთის ფაქტორი და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა
მოსკოვსა და ვაშინგტონში მოლაპარაკებების პარალელურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებისა და დიპლომატიური სამსახურების მიერ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქვეყნების უცხოელ პარტნიორებთან. თუმცა, დღევანდელი, 26 ოქტომბრის სიტუაცია დიდწილად იგივენაირი რჩება, როგორც 27 სექტემბერს იყო, რადგან კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები აღკვეთილი არ არის.
ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობაა. რეგიონში მშვიდობა 26 წლის განმავლობაში იმის ხარჯზე არსებობდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამხედრო-პოლიტიკურ პარიტეტს ინარჩუნებდნენ.
თუკი 1994-2009 წლებში ეს პარიტეტი საკმაოდ მდგრადი ჩანდა, 2010 წლის შემდეგ რღვევა აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაიწყო.
2010 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა და თურქეთმა სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს, აზერბაიჯანელმა ოფიცირებმა თურქეთში სწავლებები გაიარეს, თურქი ინსტრუქტორები კი აზერბაიჯანის არმიის სტრუქტურირებას შეუდგნენ. ამასთან, 2006-2014 წლებში აზერბაიჯანმა ნავთობით დიდი ფინანსური სარგებელი ნახა, რითაც დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღება შეიძინა.
თურქეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ ზის და ბრძოლის ველზე ნომინალურად არ არსებობს, მაგრამ იქ წარმოდგენილი არიან მისი სამხედროები: მებრძოლები სირიიდან. ასევე, აზერბაიჯანის აეროდრომებზე თურქული თვითმფრინავები დგას, რომლებიც უკვე გამოიყენეს სომხეთის ავიაციის წინააღმდეგ, თურქი ინსტრუქტორები კი კვლავ აქტიურად მუშაობენ როგორც ფრონტზე, ასევე, ფრონტის ხაზის მიღმა. ინფორმაცია 1200 სამთო ქვეითის თურქეთის ქურთისტანიდან აზერბაიჯანში გადმოსროლის შესახებ კი, ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობის წყაროებით არ არის დადასტურებული.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პირველ ოქტომბერს დაუშვებელი უწოდა მოწოდებებს მინსკის ჯგუფის შერიგებაზე. ამავე დროს, ნათელია ისიც, რომ ფრთხილი ილჰამ ალიევი თურქეთის გარეშე ვერ გადადგამდა ნაბიჯს სტატუს-კვოს სამხედრო ძალით დარღვევაზე.
ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც ოფიციალურად რუსეთს ნეიტრალური შუამავლის როლი აქვს გამოცხადებული, პარიზი შემოიფარგლა განცხადებებით, რომელიც აზერბაიჯანის აგრესიას გმობს, ვაშინგტონმა კი ჯერ ვერ ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია, მნიშვნელოვან როლს მხარეებს შორის სამხედრო ბალანსი თამაშობს, სადაც ამ ბალანსს არღვევს თურქეთის მიერ აზერბაიჯანის ცალსახა მხარდაჭერა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. შესაბამისად, სანამ თურქეთის ფაქტორი არ იქნება განეიტრალებული, საზავო შეთანხმების შესრულება შეუძლებელია.
თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა 10 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებათა ფორმატი უცვლელი რჩება. შედეგად, თურქეთი მოლაპარაკებათა გარეთ დარჩა და საკუთარი სტატუსის გამყარება ვერ შეძლო.
შესაბამისად, პირველ საზავო შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ნაციონალური თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი “ოკუპაციის დასრულებამდე და სრულ სამხედრო გამარჯვებამდე არ გაჩერდება”.
30 სექტემბრის შემდეგ თურქეთმა საჯაროდ გაახმიანა მზაობა, აზერბაიჯანს პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს ადგილზე რეგულარული თურქული ჯარების მონაწილეობის სახით.
18 ოქტომბერს, მეორე შეთანხმების ძალაში შესვლამდე კი, ბაქოში თურქეთის პარლამენტის სპიკერი ჩავიდა და განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ბრძოლაში მუდამ მხარს დაუჭერს.
22 ოქტომბერს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სურვილის შემთხვევაში, თურქეთი უყოყმანოდ გაგზავნის ჯარს სომხეთის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი მზაობა აზერბაიჯანის მხრიდან არ ყოფილა. აქედან ერთი დღის შემდე გუკვე გავრცელდა პირველი დაუდასტურებელი ინფორმაცია აზერბაიჯანში 1200 სპეციალური დანიშნულების ქვეითის გადასროლის შესახებ.
როგორც ვხედავთ, თურქეთის როლი აშკარაა და სრულიად დაუფარავი, პირიქით, ეს მხარდაჭერა მისი ხელმძღვანელობის მიერ მაქსიმალურად აფიშირდება. მეტიც, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლება საზავო შეთანხმების შესრულებას გადაწყვეტს, ისინი უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. საკუთარი განცხადებებით, თურქეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის საშუალებას არ უტოვებს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები
ზემოთ წარმოდგენილი სურათი, სადაც აშშ-ს და რუსეთს სამშვიდობოს როლის ფუნქციის შესრულება უნდათ, თურქეთი კი კონფლიქტის სპონსორად გვევლინება, რასაკვრველია, სრულყოფილი არ არის.
ყველა გარე ფაქტორის მიუხედავად, არ უნდა გამოვრციხოთ თავად კონფლიქტის მხარეების ფაქტორიც, ვინაიდა საბრძოლო მოქმედებებში ჩართული სწორედ ისინი არიან.
ამჟამად ჰუმანიტარული ზავის მიღწევა, ზარალის შეფასება, ტყვეების გაცვლა და მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა სომხური მხარისთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, სტრატეგიულად, ხანგრძლივი შეთანხმება ამ პირობებში ორივე მხარისთვის არამომგებიანია.
არააღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხრეთით აზერბაიჯანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა, ისინი, რომლებიც 1993 წლამდე აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული [ჯაბრაილი, ფიზული, ზანგელანი] და ისინიც, რომლებიც 2020 წლის სექტემბრამდე სომხებით იყო დასახლებული [ჰადრუთი].
აზერბაიჯანული არმია აუჩქარებლად, საკუთარი საბრძოლო ამოცანების შესრულებისკენ წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ შორსაა მიზნისგან: ყარაბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილი სომხეთის კონტროლქვეშაა. ამიტომაც, თუკი ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, ეს აზერბაიჯანის საბოლოო წარმატებას საფრთხეს შეუქმნის.
იმის მიუხედავად, რომ სომხეთში ჰუმანიტარული ზავის იმედი მაინც არსებობდა, სამხედრო ამოცანები სომხურ მხარესაც აქვს. მთიანმა ყარაბაღმა დაკარგა ტერიტორიები ჰადრუთის რაიონში და ბევრი დევნილი იქ ვეღარ დაბრუნდება. მეტიც, კონტროლის მექანიზმის დაკარგვის შემთხვევაში, ყარაბაღში სომხური მოსახლეობა უსაფრთხოდ ვეღარ იცხოვრებს და ბევრი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდება.
ყველაფრის მიუხედავად, ვერც იმას ვიტყვით, რომ შეთახმება გავლენას საერთოდ არ ახდენს საბრძოლო ველზე არსებულ სიტუაციაზე.
აზერბაიჯანული დანაკარგების აღნიშნულ გრაფაზე, რომელიც სომხეთის ვერსიას ეფუძნება, ჩანს, რომ 10 და 18 ოქტომბერს, ზავების დადების დროს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა იკლებდა, თუმცა, სრულად არ ჩერდებოდა.
საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის თანახმად, აღნიშნულ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტილება არ აქვს და მხოლოდ მოლაპარაკებებით უნდა გადაიჭრას, თუმცა ამჟამად თურქეთი და აზერბაიჯანი აჩვენებენ, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით უნდა გადაიჭრას. ეს კი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ იმუშავა და ვერ იმუშავებს საზავო შეთანხმებები. კონფლიქტი გადაიჭრება ერთ-ერთი მხარის სამხედრო დამარცხების ან საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად საჭირო ორივე მხარის პოტენციალის ამოწურვის შემთხვევაში. ჯერჯერობით, ომის დასასრულებლად აუცილებელი არცერთი ფაქტორი ზღურბლს არ მიახლოვებია.
შენიშვნა: აღნიშნულ სტატიას განცხადებით გამოეხმაურა თურქეთის საელჩო საქართველოში, რომელმაც სტატიაში, თურქეთიდან “სირიელი მებრძოლების” შესაძლო გაგზავნის შესახებ ინფორმაციას არასწორი და უსაფუძვლო უწოდა. გთვაზობთ, საელჩოს გამოხმაურებას:
„რატომ არ მუშაობს საზავო ხელშეკრულება ყარაბახში? ხედვა სომხეთიდან“ სათაურით გამოქვეყნებული სტატიის შესახებ თურქეთის საელჩოს განცხადება 2020 წლის 26 ოქტომბერს ინტერნეტ გვერდზე „netgazeti.ge“ გამოქვეყნდა ჰრანტ მიკაელიანის სტატია სათაურით: „რატომ არ მუშაობს საზავო ხელშეკრულება ყარაბახში? ხედვა სომხეთიდან“, სადაც გადმოცემულია ზემო ყარაბახში შექმნილი მდგომარეობა, გამოთქმულია უსაფუძვლო პრეტენზიები თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და დამახინჯებულია ინფორმაცია. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრებები თითქოს თურქეთმა ზემო ყარაბახში გაგზავნა „სირიელი მებრძოლები“, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებენ თურქეთის შეიარაღებული ძალებს დაქვემდებარებული ნაწილები და თურქეთი არის ომის სპონსორი. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და თურქეთის უწყებებს ამ საკითხზე გაკეთებული აქვთ სათანადო განცხადებები.