საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საზოგადოებისათვის ყველაზე სანდო ინსტიტუციების: ჯარის, სამართალდამცავებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან დღეს, 28 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ინსტიტუციებზე შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებასა და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.
ზურაბიშვილმა ისაუბრა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. როგორც შსს აცხადებს, თავმდამსხმელი ბადრი ესებუაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციია, ესებუა ყოფილი სამხედროა.
ზურაბიშვილის თქმით, “ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე”.
“მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ, ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს”, — აცხადებს ზურაბიშვილი.
21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
“საქართველოს ბანკზე” თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტად გადააკვალიფიცირა, თავდამსხმელს კი ამ დრომდე ეძებენ.