ახალი ამბები

“მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს” – თავდაცვის მინისტრი ენმ-ზე

28 ოქტომბერი, 2020 • 1303
“მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს” – თავდაცვის მინისტრი ენმ-ზე

“ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს”, – ამ განცხადებას ფეისბუკის ოფიციალური გვერდის მეშვეობით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

ის ფეისბუკზე აზიარებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოქვეყნებულ მის მიმართვას, სადაც მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა.

“31 ოქტომბერს პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ძლიერად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მიმდინარე წლის სექტემბერში პოლიტიკური პარტიები, მმართველი გუნდისა და “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე დიალოგის მონაწილე ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო ქცევის ნორმებზე შეთანხმდნენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფაცილიტაციით, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით შეიქმნა.

ქცევის კოდექსის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით პარტიებმა აიღეს შემდეგი ვალდებულება:

“არ გამოვიყენებთ სიძულვილის ენას, ქსენოფობიური ან/და მუქარის შემცველ გამონათქვამებს”.

ასევე, აიღეს შემდეგი ვალდებულებები:

“ვაწარმოებთ საგნობრივ, პროგრამაზე და საკითებზე ორიენტირებულ საარჩევნო კამპანიას, პატივს ვცემთ კონკურენტების ღირსებას, თავს შევიკავებთ პიროვნული შეურაცხყოფისგან;

საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავს შევიკავებთ ისეთი საჯარო გამოსვლების, განცხადებების, სააგიტაციო მასალის (მედია, ვიდეო, აუდიო, სოციალური მედია, ბეჭდური) გავრცელებისგან, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის, ტერორიზმის ან სხვა დანაშაულის დაბრალებას, ასევე, რომელიც წაახალისებს სიძულვილს, დაპირისპირებას და კონფლიქტს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით”.

თუმცა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აღნიშნული ქცევის კოდექსი არაერთგზის დაირღვა.

პარტიების ქცევის კოდექსი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი